დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე კვლავ აცხადებს, რომ ჩანაწერი გიორგი შაქარაშვილის პირველად ექსპერტიზაში - "ყველა ჯგუფის კუნთებში გაშეშების შესახებ", არასწორია. სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ განცხადება გაავრცელა და ტექნიკური შეცდომა გამორიცხა.
"ექსპერტის მიერ გვამის დათვალიერებისას მან დააფიქსირა გარეგანი დათვალიერების რეჟიმში ლპობითი პროცესები და ასევე გვამის გაშეშება ყველა სახის კუნთებში. ამ მიმართებით ჩემი პოზიცია არ შეცვლილა და ახლაც ვთვლი, რომ ეს არის შეცდომა", - აცხადებს ექსპერტი.
ის პირველადი დათვალიერების შესახებ ჩანაწერს კვლავ შეუსაბამო შეცდომას უწოდებს. რაც შეეხება სიკვდილის ხანდაზმულობას, გეჯაძის თქმით, მიუხედავად შეცდომისა, გარდაცვალების დროის განსაზღვრაზე მას არ უმოქმედია.
იურისტები აცხადებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი პოვნამდე ერთი ან ორი დღით ადრე ცოცხალი იყო. მათი თქმით, ეს მოსაზრება თავად სამხარაულის ექსპერტიზის განცხადებას ეფუძნება. სწორედ გვამური გაშეშება აძლევთ მათ ამის თქმის საფუძველს. მათი განცხადებით, სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ მაღალტექნოლოგიური ტომოგრაფიული კვლევის ჩაუტარებლობით, გამორიცხა ალტერნატიული სანდო ექსპერტიზის ჩატარების შანსი.
"თუ შეცდომა არ იყო და გვამის ამოღებისას იყო ყველა კუნთის გაშეშება, ეს იმას ნიშნავს, რომ დასტურდება უკრაინული ექსპერტის მოსაზრება, რომ სიკვდილი ვერ დადგებოდა გვამის აღმოჩენამდე 48 საათზე, ეს მეტყველებს იმაზე, რომ გიორგი შაქარაშვილი ერთი ან ორი დღის მანძილზე ცოცხალი იყო და ყავდათ სადღაც, რის შემდეგაც ის წყალში დაახრჩვეს", - აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.
"რეალურად მისი გარდაცვალება მოხდა თავად სამხარაულისვე განცხადების მიხედვით, 24-48 საათის განმავლობაში. 19-შივე კი არ აღმოჩნდა სხეული წყალში, არამედ გაცილებით გვიან", - აღნიშნავს დავით ჯანდიერი.