logo
ENG



ეძგვერაძის თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

25 სექ 202312:32
3 წუთის საკითხავი
 

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, ირაკლი ეძგვერაძის თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 საათზე გაიმართება.

დაკავებულების ადვოკატთა ნაწილი ამბობს, რომ ეს არ იყო ჯგუფური თავდასხმა და ისინი ბრალის ამ ნაწილს არ ეთანხმებიან. მათი თქმით, ეს იყო პიროვნული დაპირისპირება. საქმის პროკურორი აცხადებს, რომ დაპირისპირება დაზარალებულთა მიერ დაწყებულმა სიტყვიერმა შეურაცხყოფამ გამოიწვია.

"რაღაც აბსურდულ ხაზს ატარებენ, უნდათ, რომ თავისი დანაშაულებრივი ჯგუფები დაიცვან. თუ დააკავებენ ამ 40 თუ 50 ადამიანს, მაგრამ რომ დააკავონ, მერე ნახავენ, რომ თავიანთი კუდია და მერიაში, აიპებში, სიპებში გაფორმებული ხალხია, ზონდერ ჯგუფებად რომ ჰყავთ. და პირდაპირ ვნახავთ, რომ კალაძესთან და ზარნაძესთან დაკავშირებული ადამიანები არიან. გამოძიების ოდნავი იმედი რომ გქონდეს, ამ მანქანას ხომ არ აამუშავებდა ქართული ოცნება", - ამბობს ეძგვერაძე.

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატზე, ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ რამდენიმე საათით ადრე საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.

თავდასხმის დროს ეძგვერაძესთან ერთად მეგობრები იმყოფებოდნენ და მათაც სცემეს. მისი თქმით, მათ მოულოდნელად ათობით ადამიანი დაესხა თავს. ზარნაძე თავდასხმასთან კავშირს უარყოფს.

შსს-მა გლდანში თბილისის საკრებულოს დეპუტატებისა და მისი მეგობრების ჯგუფურად ცემის ბრალდებით 6 პირი დააკავა - დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  


close დახურვა