logo
ENG



ვაზისუბანში, 62-ე უბანზე ელექტროენერგია გამოირთო, ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია

30 ოქტ 202118:45
3 წუთის საკითხავი
 

ვაზისუბანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ელექტროენერგია გამოირთო. ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია. 

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ნათია გელაშვილის თქმით, მიზეზი მოკლე ჩართვაა - უბანზე ელექტროგამათბობელი ჩართეს. 

ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ, რომელიც უბანთან მივიდა, მომხდარი დივერსიად შეაფასა. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. 

"ხდება ძველი ბიჭების მობილიზაცია იმ უბნებთან, სადაც აქრობენ შუქს. გაიგეთ, კანონიერო ქურდებო, ვითომ ძველო ბიჭებო და კრიმინალებო, თქვენ ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში". - თქვა მან. 

ევროპული საქართველოს წევრი, ბესიკ დონაძე, რომელიც უბანზე დამკვირვებლად იმყოფება, ამბობს, რომ ყოველთვის, როცა საარჩევნო დღე დასრულებისკენ მიდის, უბნებზე მსგავსი შემთხვევები ხდება. 

ადგილზე მივიდა ქართული ოცნების წევრი, ბექა დავითულიანიც, რომელმაც ნიკა მელიას პროვოკატორი უწოდა. 

ადგილზე მივიდნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ და ენმ-ის თავმჯდომარის მიმართ იგინებოდნენ. იყო ფიზიკური დაპირისპირება და გაწევ-გამოწევა.

ნიკა მელიას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. 

დააკავეს რამდენიმე ადამიანი. 

ინციდენტი ამ დრომდე არ არის ამოწურული. 

დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე მიმდინარეობს. 


close დახურვა