ვაზისუბნის მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ ამ ტერიტორიაზე, სტადიონისა და საბავშვო სკვერის აშენებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.
მიწის ნაკვეთი ამ დროისთვის უკვე კერძო საკუთრებაშია. მოსახლეობა ინვესტორს მშენებლობის დაწყების საშუალებას არ აძლევს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. მოსახლეობის მხარდასაჭერად აქციას "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ესწრებოდა. ჩხარტიშვილის თქმით, საკითხის უკან თბილისის მერი კახა კალაძე დგას.
"მოსახლეობას უპირებენ, რომ ყრუ კედელი აუშენონ კორპუსების სახით, წაართვან მზის შუქი და ჰაერი. ეს ყველაფერი არის შედეგი იმისა, რომ მათ ზურგს უკან გაიყიდა ტერიტორია, რომელზეც ისინი სტადიონის აშენებას ითხოვდნენ. ამის ნაცვლად კალაძე კორუფციულ თანხებს ვერ შეელია და ამის გამო გასცა ნებართვა სამშენებლო კომპანია „ანაიდიზე", რომლის უკან „არქი ჯგუფია“, რომლის უკან შესაბამისად თავად კალაძე დგას“, - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.