logo
ENG



ვაკის პარკის ტრაგედიიდან 9 თვის თავზე, მერიამ შადრევნების მოწყობის რეგლამენტი შეიმუშავა

19 ივლ 202321:39
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/19/xrcpkf6adldvf1g.png

თბილისის მერიამ შადრევნების მოწყობის რეგლამენტი შეიმუშავა. ფორმულამ მოიპოვა დოკუმენტი, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე ხელს აწერს. დოკუმენტი შადრევნების ექსპლუატაციაში მიღების წესს დაარეგულირებს.

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიიდან 9 თვის თავზე, კახა კალაძე ხელს აწერს დოკუმენტს, რომელიც დედაქალაქის ტერიტორიაზე შადრევნების მოვლა-პატრონობაში გადაცემის პროცედურებს განსაზღვრავს. დოკუმენტი 14 ივნისით არის დათარიღებული.

დოკუმენტის თანახმად, შადრევნის მოვლა-პატრონობაში გადაცემის წინაპირობად განისაზღვრება შემდეგი დოკუმენტაცია:

  • შადრევნის დეტალური პროექტი (მათ შორის, ელექტრომომარაგების პროექტი და საშემსრულებლო ნახაზები) ნაბეჭდი სახით და ელექტრონული ვერსიის სახით
  • სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული სხვა პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა წარმოდგენილი პროექტის საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობის შესახებ
  • სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული სხვა პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების (მათ შორის შესრულებული ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების) პროექტთან შესაბამოსიობის შესახებ
  • სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამის სფეროში აკრედიტებული სხვა პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ელექტრო დანადგარებისა და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობისა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოების შესახებ
  • შესაბამის სფეროში აკრედიტირებული ლაბორატორიის მიერ, შადრევნის მოვლა-პატრონობაში გადაცემამდე არაუადრეს 15 კალენდარული დღით ადრე გაცემული დამიწების კონტურის გაზომვის ოქმი და დამიწების კონტურის დიაგნოსტიკის შედეგი
  • შადრევნის მოვლა-პატრონობაში გადამცემი პირის წერილობითი დასტური მასზედ, რომ ამ პუნქტის "ა-ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შედგენის შემდგომ, შადრევნის ელექტრო ნაწილში ტექნიკური ჩარევა არ განუხორციელებია
  • შადრევნის მოვლა-პატრონობაში გადამცემის უფლებამოსილი ან/და მის მიერ შერჩეული კომპეტენტური პირების მიერ, მოვლა-პატრონობაში მიმღები პირის უფლებამოსილი წარმომადგენლებისთვის, შადრევნის ექსპლუატაციის წესებთან დაკავშირებით ჩატარებული სწავლების დამადასტურებელი ოქმი

სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის ხელმძღვანელისთვის ირაკლი აბუსერიძისთვის გაუგებარია, რისი დემონსტრირება სურს კახა კალაძე ამ დოკუმენტის მიღებით. მისი თქმით, კალაძის ხელმოწერა დოკუმენტზე თავად მერს აჩვენებს, რომ ვაკის პარკის ტრაგედია იყო მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.

"ამ ფარატინა განკარგულების გარეშეც, 1 წლის უკან თბილისის მერია ვალდებული იყო, ყველა ის ექსპერტიზა მოეთხოვა, რომელიც დღეს ამ განკარგულებაში არის გაწერილი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ასეთი ერთიანი განკარგულება არ არსებობდა. არ იყო სათანადოდ წარდგენილი ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების ექსპერტიზის დასკვნა, არ მოხდა დამიწების კონტურის დიაგნოსტიკა, ზოგადად არ გადამოწმდა, რამდენად უსაფრთხო იყო ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის, ამიტომ მივიღეთ ეს ტრაგედია. მიუხედავად იმისა, ასეთი განკარგულება იქნებოდა თუ არა, მათ ეს ვალდებულებები ჰქონდათ.

ეს განკარგულება და მასზე კალაძის ხელმოწერა კიდევ ერთხელ თავად კალაძეს აჩვენებს, რომ დიახ, ეს იყო მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, როდესაც მისი სამსახურების გულგრილობის შედეგად ასეთი მძიმე შედეგი დადგა. დიახ, სწორედ მერი არის პასუხისმგებელი", - აცხადებს აბუსერიძე ფორმულასთან საუბრისას.

ურბანული განვითარების ინსტიტუტში აცხადებენ, რომ დოკუმენტში ახალს ვერაფერს ხედავენ. ინსტიტუტის წარმომადგენელი ანა ბიბილაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტის ხელმოწერით მერიამ დაამტკიცა, რომ ვერც გრძნობს და არც მომავალში იგრძნობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

"ამ დოკუმენტის მიღებით დაამტკიცეს ის, რომ ვერ გრძნობენ და არც მომავალში არ იგრძნობენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ხოლო სამართლებრივი უკვე გადაიტანეს კერძო კომპანიებზე. საფრთხის შემცველია ეს დოკუმენტი და საფრთხის შემცველია ის, რომ დღეს მერია ამ დოკუმენტით გვეუბნება, რომ მოქალაქის სიცოცხლე დამოკიდებულია კერძო კომპანიაზე, კერძო შემსრულებელზე და არა მათზე", - აცხადებს ბიბილაშვილი.

***

12 ოქტომბერს ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დასრულდა.

13 ოქტომბერს ვაკის პარკის ბურთის ამოსაღებად შადრევანში ჩასულ 3 ბავშვს დენმა დაარტყა.  ერთ-ერთი მოზარდი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

19 ოქტომბერს ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით 9 პირი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან გრინსერვისპლუსის დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

რა წარსული აქვს კომპანია გრინსერვის+-ს.


close დახურვა