logo
ENG



ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა იწყება

15 თებ 202111:07
3 წუთის საკითხავი
clock 3961
2021/02/15/vmj3rigrudgk2h0.png

ვაკის პარკის ტერიტორიაზე ინვესტორმა დღეს, 15 თებერვალს სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობა დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია სამშენებლო ტექნიკა.

ინვესტორი გიორგი ზაქაიძე აცხადებს, რომ მას სასამართლოსგან აქვს მშენებლობის ნებართვა. ადგილზე იმყოფება თბილისის მერიის ინსპექციის სამსახური. 

როგორც ფორმულას მერიაში განუცხადეს, ზაქაიძე ტერიტორიის მესაკუთრეა, მაგრამ მას მშენებლობის ნებართვა არ აქვს.

მერიის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელმა ინვესტორს სამუშაოების შესაჩერებლად გონივრული ვადა მისცა.

მისი თქმით, ზაქაიძეს 2015 წლის დადგენილებით შეჩერებული აქვს სამშენებლო სამუშაოების ჩატარების ნებართვა. 

"2015 წლის დადგენილებით თქვენ გაჩერებული გაქვთ სამშენებლო წარმოების უფლება. მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ სამშენებლო სამუშაოები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოგიწერთ 50 000 ლარიან ჯარიმას", - განუცხადა ინსპექციის წარმომადგენელმა ზაქაიძეს.

ზაქაიძის თქმით, თუ მას მერიის წარმომადგენელი შეხვდება, სამშენებლო სამუშაოები გაჩერდება. 

ცნობისთვის, სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის ნებართვა 2013 წელს გაიცა. არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივამ მერიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. საბოლოოდ, 2018 წელს კომპანიამ სასამართლო დავა მოიგო. თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. 

2019 წლის 25 იანვარს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტი არ აშენდებოდა. მისი თქმით, საუბარი იყო ადგილმონაცვლეობაზე ან მერიის მიერ ტერიტორიის შესყიდვაზე.

 


close დახურვა