logo
ENG



ვალერი გელაშვილის ძმა უარყოფს, რომ დედა-შვილზე ძალადობაში ბრალდებულს მფარველობს

07 თებ 202212:43
3 წუთის საკითხავი
 

ვალერი გელაშვილის ძმა, ზაურ გელაშვილი უარყოფს ბრალდებებს, რომ ის ხაშურში დედა-შვილის გარდაცვალებაში ბრალდებულ დაჩი ტაბატაძეს პოლიციაში მფარველობს. 

ტაბატაძეს შშმ პირებზე - დედა-შვილზე ძალადობაში მეზობლები ადანაშაულებენ. ისინი ახსენებენ ზაურ გელაშვილსაც

ფორმულა გელაშვილს ხაშურში ელაპარაკა, მისსავე რესტორანში - პაპას დუქანში. 

სწორედ აქ მუშაობს დაჩი ტაბატაძის დედაც და გელაშვილის თქმით, მათ ოჯახს სწორედ აქედან იცნობს.  

ზაურ გელაშვილი ამბობს, რომ ტაბატაძის ოჯახი სოციალურად დაუცველია და მათ დახმარებას უწევს. 

თუმცა, დამნაშავის მფარველობის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებს უარყოფს. 

ამასთან, ზაურ გელაშვილმა ფორმულას უთხრა, რომ დაჩი ტაბატაძის დედას გუშინ, 6 თებერვალს პირადად ესაუბრა და ჰქონდათ კონსულტაცია იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით. 

დაჩი ტაბატაძის ოჯახი აპირებს, გავრცელებულ ბრალდებებთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართოს და საჩივარი მედიის წინააღმდეგ შეიტანოს - სწორედ მედიას ადანაშაულებენ ისინი სიცრუის გავრცელებაში. 

თუმცა, მედია, თავის მხრივ, მეზობლების ინტერვიუებს ეყრდნობა, რომლებიც ყვებიან, რომ დაჩი ტაბატაძე სისტემატურად ძალადობდა მურთაზ მანჩხაშვილსა და დედამისზე და მათი გარდაცვალებაც სწორედ ამან გამოიწვია. 

4 თებერვალს ხაშურში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 50 წლის მურთაზ მანჩხაშვილმა თავი მოიკლა.

შვილის სიკვდილის შემდეგ მისი დედა პოლიციაში გამოჰკითხეს, რის შემდეგაც ქალს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. უცნობია, იყო თუ არა ეს თვითმკვლელობა. 

დედა-შვილი გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ძალადობის მსხვერპლი გახდა. მურთაზ მანჩხაშვილი სასტიკად იყო ნაცემი. 

მურთაზ მანჩხაშვილის საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, დედის საქმეზე კი - 276-ე, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით. 


close დახურვა