logo
ENG



ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია

16 ნოე 201919:34
3 წუთის საკითხავი
 
lg890zyas3u4a7l.png

ქართველმა ექიმმა, რომელმაც უარი თქვა ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელზეც წერია, რომ მან არა საოკუპაციო ხაზი, არამედ საზღვარი გადაკვეთა, ამ დრომდე ოკუპანტების პატიმრად რჩება. პაციენტების დასახმარებლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულ ვაჟა გაფრინდაშვილს საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის „გამიზნულად კვეთას" ედავება. უცნობია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც. 

როგორც გაფრინდაშვილის მეუღლე განმარტავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად წითელ ჯვარსაც მიმართეს, თუმცა დაკავებული ორგანიზაციის წარმომადგენლობამ ამ დრომდე ვერ მოინახულა.

"ჯერ ვერ შეძლეს შესვლა. ვფიქრობ, რომ ცოტა უნდა გააქტიურდეს ეს ორგანიზაცია", - განმარტავს გაფრინდაშვილის მეუღლე. 

საოკუპაციო რეჟიმს ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს საქართველოში აშშ-ის საელჩო.

ოპოზიცია კი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი განცხდებით მთავრობის მხრიდან მსგავს ფაქტებს შესაბამისი რეაგირება არასდროს მოჰყოლია. 

რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე საუბრობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტიც, რადგანაც სამართლებრივი მექანიზმით რუსეთთან ურთიერთობა შეუძლებელია.

თავად ხელისუფლება კი პასუხისმგებლობას საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს. როგორც ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად მაქსიმალურად ჩართულია ყველა სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია.  

ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა  საქართველოს პრეზიდენტიც.  სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მძიმე კრიზისია შექმნილი და დღეს ამ ყველაფერმა კიდევ უფრო მძაფრი სახე მიიღო. პრეზიდენტი საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, გამოიყენონ ყველა არსებული საშუალება, რათა უმოკლეს დროში გათავისუფლდეს ქართველი ექიმი. 

ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება ჟენევის მოლაპარაკებებზეც. 

ქართველ ექიმს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. 9 ნოემბერს დაკავებული ექიმის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ 13 ნოემბერს, ცხინვალის მედიით გავრცელდა. 


close დახურვა