logo
ENG



ვარლამ გოლეთიანი აქციაში ვასაძის მონაწილეობაზე: სცენაზე არავინ დადგება ამ სახეებიდან

20 მაი 202114:54
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, 23 მაისს დაგეგმილ აქციაზე გააკონტროლებენ პარტიულ სიმბოლიკებს და არ დაუშევებ კონკრეტული ფიგურების აქტიურობას ან სცენაზე გამოსვლას. ამით მან ფორმულას ეთერში გადაცემა "კომენტარის" წამყვანის კითხვას უპასუხა აქციაში ძალადობრივი ჯგუფის ლიდერის, ლევან ვასაძის შესაძლო მონაწილეობაზე. 

"ჩვენს აქციებზე სხვადასხვა პოლიტიკური სახეები ჩნდებოდნენ ხოლმე, დღესაც ჩნდებიან, მაგრამ ეს ხალხი სიმბოლიკების გარეშე, ქუდების ჟილეტების, ნიშნების და დროშების გარეშე დგანან ხალხის უკან. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და ამას ვერც ვერავინ აუკრძალავთ. ამ ფარგლებს მათი მონაწილეობა ამ პროცესში ვერ გაცდება. ეს არაერთხელ გვითქვამს.

არავისთან არ ვთანამშრომლობთ, ესაა სახალხო პროტესტი და ხალხს ეკუთვნის ის ტრიბუნა, რომელ ტრიბუნაზეც ჩვენ ვდგავართ.

ჩვენთან სცენაზე არავინ დადგება ამ სახეებიდან, თუ ხალხში მრავალათასიან აქციაზე ვიღაც სადღაც მოვა, დადგება, შემოუერთდება და თავის პოზიციას დააფიქსირებს, ამაში არ ჩავერევით და ვერც ჩავერევით. გავაკონტროლებთ სიმბოლიკას, მოვუწოდებთ, ნუ იაქტიურებენ იმაზე მეტად, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქე აქტიურობს, ყველამ რომ იცოდეს თავისი ფარგლები", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა. 

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია თბილისში, 23 მაისს რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი რესპუბლიკის მოედანზე 14:00 საათზე შეიკრიბებიან.

გოლეთიანი საზოგადოებას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ დღემ "თავისი სიტყვა უნდა თქვას".

 


close დახურვა