logo
ENG



ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, რატომ არ ახსენებენ ბიძინა ივანიშვილის სახელს

23 მაი 202118:44
3 წუთის საკითხავი
 
ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, რატომ არ ახსენებენ ბიძინა ივანიშვილის სახელს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ პროექტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის სახელის ხსენება უადგილოა და განმარტავს, რატომ:

"ზოგადად, ჩვენი ბრძოლის და პროტესტის დისკრედიტირება ხდება იმ მოტივებზე, რომ თითქოს, პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებთ. ის, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სახელი ვახსენოთ აქ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ამ პროექტის უკან, მისი ინტერესია და ა.შ, ამას ხომ ფაქტები ღიად ზურგს არ უმაგრებს? არც მისი ხელმოწერაა კონკრეტულად არც ერთ დოკუმენტზე და ა.შ. ამიტომ, ამ ნაწილში უბრალოდ ჩვენ გავაღვივებთ იმ ნარატივს და მეტი არაფერი, რომ რაღაც პოლიტიკური საფუძველი აქვს ამ ჩვენს [პროტესტს].

ვინც კონკრეტულად ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც გახარიას გვარი იცის მთელმა საზოგადოებამ იმიტომ, რომ უშუალოდ მისი ხელმოწერაა რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაზე, ამიტომ აქ საკითხი მარტივად დგას - არსებული ხელისუფლება, ვინც არის დღეს ქვეყანაში და ვინც არის გადაწყვეტილების მიმღები ოფიციალურად, ჩვენ ხომ არ დავიწყებთ, რომ ამის უკან... იგივე ფორმით ხომ არ მივუდგებით ამ პროცესს, როგორც ხელისუფლება, რომ ვიღაც დგას ამის უკან და სინამვილეში ვერც ვერავინ ასაბუთებს, ვინ დგას. არასერიოზულია საკითხის ასე დაყენება.

ჩვენ არ ვთვლით, რომ სწორია, როცა ჩვენს კონკრეტულ სათქმელს ფაქტობრივი არანაირი ზურგი არ აქვს, რომ აი, დავიწყოთ ამ ყველაფერზე პედალირება, იმიტომ, რომ ეს იქნება სწორედ უსაფუძვლო პოლიტიკური განცხადება ჩვენი მხრიდან. თუმცა, როცა ვაყენებთ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს, ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად არ არის ამ პროცესებისგან გამიჯნული, მათ შორის მისი დაყენებული ხელისუფლება და უბრალოდ მისი სახელის ხსენება ამ პროექტთან დაკავშირებით არის უადგილო და ავხსენი, რატომაც", - ამბობს გოლეთიანი.

ჰესის მოწინააღმდეგეები ამ დრომდე რესპუბლიკის მოედანზე რჩებიან, ისინი ტერიტორიაზე კარვებს შლიან. ისინი ხელისუფლებას ვადას 24 მაისის 12:00 საათამდე აძლევენ, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

ისინი ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს. 

close დახურვა