logo
ENG



ვარლამ გოლეთიანი ხვალ ახალ მსვლელობასა და პიკეტს აანონსებს

24 მაი 202118:50
3 წუთის საკითხავი
 
ვარლამ გოლეთიანი ხვალ ახალ მსვლელობასა და პიკეტს აანონსებს
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხვალ, 16:00 საათზე მსვლელობას და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას გეგმავენ. როგორც აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ლოკაციებს დღეს სპეციალურად არ ასახელებენ.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები, დღეს ისევ რესპუბლიკის მოედანზე, კარვებში ღამის გათენებას აპირებენ. გოლეთიანი ამბობს, რომ ხვალ პროტესტს უფრო მეტი ადამიანი შემოუერთდება. 

"ვიკრებთ ძალებს, რაოდენობრივად ვიზრდებით. ვფიქრობ ეს ზრდა გაგრძელდება. ჩვენ ვრჩებით რესპუბლიკის მოედანზე, ვკეტავთ აქაურობას. ხვალ 16:00 საათიდან, ვაწყობთ მსვლელობას, რომელიც მნიშვნელოვანი ადგილების პიკეტირებას მოახდენს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს იქამდე და უზრუნველყოთ თითოეულმა ჩვენგანმა, ჩვენი ბრძოლისუნარიანობით, ჩვენი განწყობით, ჩვენი ჟინით, რომ არ გავჩერდებით იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს. რაც არ უნდა დაღლა ვიგრძნოთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ბრძოლა.

გულწრფელ და სამართლიან ბრძოლას აჰყვება მთელი ქვეყანა და განსაკუთრებით დედაქალაქი. ხვალ უფრო მეტ ძალას ვაჩვენებთ ვიდრე დღეს აქ ვართ წარმოდგენილი. გაცილებით მეტნი ვიქნებით, თუნდაც ამ მოედანზე. ლოკაციას სპეციალურად არ ვაცხადებთ დღეს. მოვაწყობთ პიკეტირებას და ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ქართველი ხალხის მოთხოვნა", - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. 

აქციის მონაწილეები ითხოვენ: 

  • შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;
  • გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;
  • დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს. 

close დახურვა