logo
ENG



ვასაძე ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე კაცური კოდექსის გამო არ საუბრობს

10 ნოე 201919:30
3 წუთის საკითხავი
 
3dd6qg72iuum9nt.png

ულტრამემარჯვენე ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებზე კვლავ არ საუბრობს. აღნიშნულს ლევან ვასაძე ივანიშვილთან ახლო ურთიერთობისა და კაცური კოდექსის პატივისცემით ხსნის. მისი თქმით, ერთია, როგორ განცხადებებს აკეთებს საჯარო სივრცეში ივანიშვილის წინააღმდეგ და მეორეა მათი პირადი ურთიერთობა. 

ივანიშვილი-ვასაძის შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება მოუწიათ მმართველ პარტიაშიც. პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა აბსურდულს უწოდებს ბრალდებებს შესაძლო ფარულ გარიგებებთან დაკავშირებით.

საკითხზე განსხვავებულია ოპოზიციის შეფასება. საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ლევან ვასაძემ ბიძინა ივანიშვილი მასთან თანამშრომლობაში ამხილა და დადასტურდა ის ბრალდებები, რომლებზეც ისინი ბოლო რამდენიმე თვეა მსჯელობენ. 

მსგავსი შეფასებები კეთდება არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც. ისინი ფიქრობენ, რომ ვასაძე, ივანიშვილის დავალებით, რუსულ თამაშს თამაშობს.

„ქართული ოცნებისა" და რადიკალური ჯგუფების კოორდინირებულ მუშაობაში ეჭვი არ ეპარებათ მესამე სექტორშიც. არასამთავრობო ორგანიზაციები შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კი ძალადობრივი ჯგუფების კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას პროგნოზირებენ. 

„ქართული ოცნების" თავმჯდომარისა და ლევან ვასაძის ფარულ გარიგებებზე საუბრები მიმდინარე წლის გაზაფხულზე გააქტიურდა. ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები ხშირად უპირისპირდებიან საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, ხშირად ძალადობრივადაც, თუმცა ძალოვან უწყებებს მისი პასუხისმგებლობის საკითხი არც ერთ შემთხვევაში არ გამოუვლენიათ. 

 


close დახურვა