ვატიკანის სასამართლომ გასცა ბრძანება, 10 პირი, მათ შორის იტალიელი კარდინალი, ჩადენილი ფინანსური დანაშაულისთვის გასამართლდნენ.
კარდინალი ჯოვანი ანჯელო ბეკიუ ყველაზე მაღალი რანგის სასულიერო პირია ვატიკანში, რომელსაც ბრალს სდებენ გაფლანგვასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
73 წლის კარდინალი ბრალდებას უარყოფს. ამის მიუხედავად, ის იძულებული გახდა გასული წლის სექტემბერში გადამდგარიყო, თუმცა შეინარჩუნა სასულიერო წოდება.
კარდინალს კონკრეტულად ბრალს სდებენ ეკლესიის ფინანსებით ლონდონში რამდენიმემილიონიანი საკუთრების შეძენაში.
კარდინალი ბეკიუ პაპ ფრანცისკეს ახლო გარემოცვის წევრი იყო. ის მუშაობდა ვატიკანის სახელმწიფო სამდივნოში - ეს სტრუქტურა ვატიკანში დონაციებს განაგებს.
ლონდონში ბინა 200 მლნ დოლარი ღირდა. როგორც უცხოური მედია იუწყება, გამოძიების ვერსიით, ფინანსური ოპერაცია ოფშორული კომპანიების დახმარებით განხორციელდა - სწორედ ამ გარიგებაში მონაწილეობას სდებენ ბრალად კარდინალს.