logo
ENG



ვატო წერეთელი: რამდენიმე დღის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს, მამას სამკურნალოდ წავიყვან

10 დეკ 202118:45
3 წუთის საკითხავი
 
ვატო წერეთელი: რამდენიმე დღის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღეს, მამას სამკურნალოდ წავიყვან

ტვ პირველის დირექტორი ვატო წერეთელი ფეისბუქზე წერს, რომ მამამისს, ავთანდილ წერეთელს სამკურნალოდ წაიყვანენ, ამის უფლება ოჯახს პროკურატურამ 5-დღიანი ფიქრის შემდეგ მისცა.

ავთანდილ წერეთლის სამკუნალოდ უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებით ვატო წერეთელმა დეტალურად TV პირველის ეთერში ისაუბრა. 

"რამდენიმე წუთის წინ დამიკავშირდა ჩემი იურისტი და მითხრა, რომ პროკურატურა დაუკავშირდა და რამდენიმე დღის ფიქრის შემდეგ მოგვცა გასვლის უფლება 12 დეკემბრიდან 2 იანვრამდე. 5 დღე მოუწია პროკურატურას ფიქრი, რომ გადაედგა ეს ნაბიჯი. რა მეთქმის, კი მწვავე იყო ადამიანების მხრიდან ჩემი ოჯახის მიმართ სოლიდარობა და ეტყობა ამის გამოც მიიღო გადაწყვეტილება გაეშვათ მამა სამკურნალოდ იმიტომ, რომ მართლა წარმოუდგენელი სიბოროტე იქნებოდა, რომ არ გაეშვათ მამა სამკურნალოდ." - ამბობს წერეთელი.

ვატო წერეთელმა, გუშინ, თქვა, რომ ავთანდილ წერეთელმა რამდენიმე თვის წინ სერიოზული ოპერაცია გაიკეთა და ახლა კვლავ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრება, რის საშუალებასაც მათ პროკურატურა არ აძლევდა. 

ტვ პირველის დირექტორმა, ასევე თქვა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ბრალდებულების დაკავების მოლოდინი აქვს. ფორმულას ეთერში საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის შურისძიება მის ოჯახზე.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს ბრალი 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად, 2 მილიონამდე ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წაუყენეს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. 


close დახურვა