logo
ENG



ვაქცინის შემოტანის თარიღი მთავრობასთან მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული - Covax-ის პასუხი

02 მარ 202122:06
3 წუთის საკითხავი
clock 983
2021/03/02/odf4xf29es6yca1.jpg

კორონავირუსის ვაქცინის საკითხზე Covax პლატფორმამ და კომპანია Pfizer/BioNTech-მა ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრს წერილობით განუმარტეს დოზების შემოტანის გადავადების საკითხი. Covax-ის ცნობით, ვაქცინის შემოტანის თარიღი დამოკიდებულია უშუალოდ მთავრობასა და მწარმოებელ კომპანიას შორის მოლაპარაკებაზე. 

"როგორც Covax-სა და ქვეყნებს შორის კომუნიკაცია მოწმობს, თებერვლის შუა რიცხვებში დაგეგმილი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დოზების გადაცემა საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გადაიდო ორი მიზეზის გამო: 

  • მწარმოებელმა გადაწყვიტა, რომ ვაქცინა პირდაპირი წესით მიაწოდოს ქვეყნებს და არა Covax პლატფორმის გავლით. გეგმების ასეთმა ცვლილებამ მწარმოებელთან პირდაპირი მიწოდების შესახებ დამატებითი შეთანხმების გაფორმება გახადა საჭირო იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც მსგავსი შეთანხმება მწარმოებლებთან აქამდე დადებული არ ჰქონიათ;
  • მწარმოებელმა მოითხოვა დამატებითი სამართლებრივი მექანიზმი ზარალის ანაზღაურების შესახებ არსებულ შეთანხმებაში. 

მიწოდების ზუსტი თარიღი ახლა მწარმოებელსა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებაზე იქნება დამოკიდებული", - ნათქვამია Covax პლატფორმიდან მიღებულ პასუხში. 

ფორმულამ პასუხი მიიღო კომპანია Pfizer/BioNTech-დანაც, სადაც კონკრეტულ თარიღზე, ან რაიმე სიახლეზე საუბარი არაა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვაქცინაზე წვდომის მისაღებად მთავრობებთან მუშაობენ. 

"ამ დროისთვის, არაფერი გვაქვს გამოსაცხადებელი. მთავრობებთან ვიმუშავებთ, მათ შორის საქართველოსთანაც, რათა ვაქცინაზე წვდომა ჰქონდეთ. მსოფლიო ჯანდაცვის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, ჩვენ კვლავ ვრჩებით ვაქცინის მიწოდების იდეის ერთგულნი", - წერია კომპანიის წერილში. 


close დახურვა