logo
ENG



ცერცვაძის თქმით, "არის იმედი", რომ საქართველო პაქსლოვიდს მარტში მიიღებს

17 თებ 202223:05
3 წუთის საკითხავი
clock 1642
ცერცვაძის თქმით, "არის იმედი", რომ საქართველო პაქსლოვიდს მარტში მიიღებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო იქნება "ერთ-ერთი პირველი ქვეყანა", რომელიც ფაიზერის მიერ წარმოებულ კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატ პაქსლოვიდს მიიღებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ "არის იმედი", ეს მარტში მოხდეს. 

"პაქსლოვიდზე ნადირობს მთელი მსოფლიო. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო ძალიან სერიოზული მოლაპარაკებები მწარმოებელთან, არის წინაპირობები ამისი, წინასწარი მონაცემები. არის იმედები, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, არა მთლად პირველი, რომელიც პაქსლოვიდს მიიღებს", - ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, მიიღებს თუ არა ქვეყანა პრეპარატს მარტში, ცერცვაძემ დაამატა, რომ "დიახ, არის იმედები".

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ პაქსლოვიდი 89%-ით ამცირებს დაავადების დამძიმების რისკებს, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილობის რისკებს.

მედიკამენტი გამოიყენება ბინაზე დარჩენილ პაციენტებში და ის უნდა გამოიყენონ სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 5 დღის განმავლობაში.

28 იანვარს ევროპის წამლის სააგენტოს ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების კომიტეტმა პაქსლოვიდს რეკომენდაცია გაუწია და ევროკავშირში მარკეტინგისთვის ავტორიზაცია მისცა.

კომიტეტმა პაქსლოვიდს ავტორიზაცია COVID-19-ის მკურნალობაზე იმ ზრდასრულებისთვის მისცა, ვინც არ საჭიროებს დამატებით ჟანგბადის მიწოდებას და ასევე მათ ვინც ვირუსის რისკ ჯგუფს წარმოადგენს და დიდი შანსია, რომ დაავადებას გართულებული ფორმით გადაიტანს.

პაქსლოვიდი პირველი ორალურად მისაღები წამალია, რომელმაც ევროკავშირში კორონავირუსის მკურნალობის რეკომენდაცია მიიღო.

 


close დახურვა