ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, 2008 წელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. როგორც ვაშაძე აცხადებს, რუსეთის ფედერაციის მთავარი მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება იყო, თუმცა მან ეს ვერ მოახერხა.
"600-მდე ადამიანი დაგვეღუპა. უამრავი დაჭრილი, დასახიჩრებული. არასოდეს ამას არ ვაპატიებთ. მაშინ რუსეთის ფედერაციის მთავარი ინტერესი და მიზანი იყო საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დამუხრუჭება, საქართველოს სუვერენული საგარეო პოლიტიკის გადამისამართება და ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურება. ვერც ერთ ამოცანას რუსეთის ფედერაციამ ვერ მიაღწია, იმიტომ რომ მას წინ აღუდგა ქართველი ერი, მთლიანად ჩვენი შეიარაღებული ძალები, ის ვაჟკაცები, რომლებიც მემორიალთან განისვენებენ და ჩვენი მთავარი მოკავშირეები.
ჩვენ მოკავშირეებს ჩვენი გაფრთხილება ყურად რომ ეღოთ, ყურადღებით რომ მოესმინათ პუტინის გამოსვლა მიუნხენში 2007 წლის 10 თებერვალს, შემდეგ აღარც საქართველოს წინააღმდეგ ომი იქნებოდა და აღარც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია ყირიმის ანექსიით და ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში გაღვივებული ოკუპაციით", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
ვაშაძის თქმითვე, არ შეიძლება სხვადასხვა ფორუმისა და ტრიბუნის არგამოყენება მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ:
"ამ ხელისუფლებამ გადაუხვია იმ დალაგებულ გეგმას, რომელიც მთლიანად ჰქონდა ქართველ ერს. არ შეიძლება რუსეთის ფედერაციასთან არბრძოლა საერთაშორისო ორგანიზაციებში ყველა ფორუმზე, სადაც შესაძლებელია. არ შეიძლება საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის არმობილიზება იმისათვის, რომ მცოცავ ოკუპაციას, ჩვენი მოქალაქეების გატაცებას, მუდმივ პროვოკაციას ხელი არ შეუშალო", - ამბობს ვაშაძე.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად, დაიღუპა საქართველოს 224 სამოქალაქო პირი, თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი.150 ათას ადამიანს საკუთარი საცხოვრებლის დატოვება მოუწია. მათგან ბევრი დღესაც დევნილია.