logo
ENG



ვაშაძე: არჩევნებზე ოცნების მაქსიმალური შედეგი 30%-ია

07 თებ 202014:30
3 წუთის საკითხავი
 

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გასამართ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის 100/50-ზე შეთავაზებული მოდელი მიუღებელია.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ხელისუფლებას მოუწევს კომპრომისზე წამოსვლა, რადგან კონგრესმენებმა თალაკვაძის ვიზიტის შემდეგაც არ შეიცვალეს პოზიცია და მათი გზავნილი ერთმნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვაქვს გარკვეული მოსაზრებები თუ როგორ გავაკეთოთ ისე, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული პროპორციულობის სისტემა. 100/50-ზე ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მიუღებელია. იმიტომ, რომ ეს სისტემასა და არს არ ცვლის. მათ მოუწევთ კომპრომისზე წამოსვლა, რადგან თალაკვაძის ვიზიტის შემდეგაც, აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი გზავნილია ამერიკის ხელისუფლების მხრიდან და ეს კიდევ უფრო ცივი შხაპია იმ ცივ შხაპზე, რომელიც მანამდე ქონდათ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ კი განაცხადა, რომ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 30%-ია. 

„100/50-ზე არის ადგილებით ვაჭრობა. ეს არ არის ის საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოს ჭირდება. ახლა დაიწყეს, რომ 60% იღებენ, ამას იღებენ, იმას იღებენ. გარანტიას ვაძლევ, რომ 30% მათი მაქსიმუმია. თუ ასე მოქცევას გააგრძელებნ, შეიძლება, უფრო დაბალი შედეგი ქონდეთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმადა სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლებისწამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს. 

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. კერძოდ, მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობა იქნება 50, ხოლო პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატების რაოდენობა 100. მმართველი გუნდის წევრების თქმით, ეს შეთავაზება საბოლოოა.

ოპოზიციისთვის 100/50-ის სისტემა მიუღებელია. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები ან სრულად პროპორციულად, ან ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარდეს. მათი განცხადებით, ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, აღნიშნული მოდელი კონსტიტუციასტან შესაბამისობაში მოდის.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, საერთაშორისო პარტნიორების მედიატორობით, შეხვედრის მეხუთე რაუნდი, „ფორმულას“ ინფორმაციით, 11 თებერვალს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები ღიად მოუწოდებენ, რომ შეასრულონ დაპირება და საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.

 

 


close დახურვა