სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე საარჩევნო უბანზე ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა. პოლიტიკოსმა საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა და ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მან ხმა საქართველოს მომავალს და აღმშენებლობას მისცა.
"ხმა მივეცი საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას, ხმა რაღა თქმა უნდა, მივეცი იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა, ხმა მივეცი იმას, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიმარჯვოთ.
დღეს უნდა იყოს საქართველოს განვითარების შემობრუნების წერტილი და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში",-თქვა ვაშაძემ.
საქართველო დღეს მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები თითქმის პროპორციული სისტემით ტარდება - პარლამენტის 30 მანდატი მაჟორიტარული წესით შეივსება, 120 კი - პროპორციული სიით. მეორე ტურები გაიმართება იმ მაჟორიტარულ ოლქებში, რომლებშიც ვერცერთი კანდიდატი 50%-იან მხარდაჭერაზე მეტს ვერ მოაგროვებს.
საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მეორე ტურები პირველი ტურების დასრულებიდან 3 კვირის თავზე ინიშნება. უმრავლესობის დასაკომპლექტებლად კი პარტიებს და კოალიციებს 150 საპარლამენტო მანდატიდან 76 - ის მოგროვება დასჭირდებათ.