logo
ENG



ვაშაძე: თუ შეთანხმება არ არის და ქვეყანას ტოვებს მედიატორი, ამაში დამნაშავე მხოლოდ ოცნებაა

19 მარ 202100:52
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების მიუხედავად, ხელისუფლებასთან შეთანხმება ვერ შედგა. 

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ამაზე სრული პასუხისმგებლობა ქართულ ოცნებას ეკისრება. 

მისი თქმით, მმართველი გუნდი ადეკვატურად ვერ აღიქვამს იმ ვითარებას, რაც დღეს ქვეყანაშია. ​ 

"პირდაპირ გეტყვით, ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენ საათიანი მუშაობის შედეგად, ჩვენ ვერ ვაჩვენეთ მაღალი კულტურა ქართული საზოგადოებას, ვერც ევროპული სტანდარტი. ღიად მინდა განვაცხადო, რომ ამ ყველაფერში დამნაშავე არის ქართული ოცნება, რომელსაც არ ესმის რა არის ევროპული ინტეგრაცია და ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ, დასავლეთმა ნახა ვისთან აქვთ საქმე.

ჩვენ ოპოზიციური პარტიები ლოგიკურად ვმსჯელობდით ყველა საკითხზე, მაგრამ როგორც ვხვდები, ქართული ოცნების მხრიდან არ არის ადეკვატურად აღქმული ის მძიმე კრიტიკული სიტუაცია რაც ქვეყანაში. თუ შეთანხმება არ არის დღეს და ქვეყანას ტოვებს მედიატორი, ამაში დამნაშავე არის მხოლოდ ქართული ოცნება. შედეგი რასაც ისინი დღეს აკეთებენ, იქნება ძალიან მძიმე დასავლეთიდან", - განაცხადა ვაშაძემ. 

მისივე თქმით, ოპოზიცია შეთანხმებისკენ იყო განწყობილი, თუმცა მმართველი გუნდის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, შედეგის მიღწევა შეუძლებელი გახდა. 

"ყველამ დაინახა მედიაციის მხარეს, რომ ოპოზიცია განწყობილი იყო შეთანხმებისთვის და კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, მაგრამ ის დამოკიდებულება რაც იყო ქართული ოცნების მხრიდან, ვერცერთ შემთხვევაში ვერ მიაღწევდა შედეგს შეთანხმებასთან დაკავშირებით. ვწუხვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა ქართული ოცნების მხრიდან არის ბოლომდე გაფლანგული", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს გამართავენ. 

"გვექნება შიდა კონსულტაციები, სამოქმედო გეგმაზე ჩამოვყალიბდებით, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს პოზიციას ექნება კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა დასავლეთის მხრიდან", - თქვა ვაშაძემ.

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

დანიელსონამდე კი საქართველოში თავად შარლ მიშელი იმყოფებოდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი. 


close დახურვა