logo
ENG



ვაშაძე: კარგად გაიაზრეთ, როცა უსამართლო განცხადებებს აკეთებთ, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ

09 მარ 202301:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/09/agy5l91qbdr7ifj.png

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ყველას მოუწოდებს, რომ უსამართლო განცხადებების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. მან ამის შესახებ ფორმულასთან ისაუბრა და ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა.

"ნინოსაც და სხვებსაც მოვუწოდებ, კარგად გაიაზრეთ, როცა ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებთ. ჩვენ უნდა ვიდგეთ ყველა ერთად, ვებრძვით რუსულ რეჟიმს, რომელსაც უნდა, რომ საქართველო დაუქვემდებაროს რუსეთს და ნუ გვაქვს უეცარი აღტყინებები. არცერთ შემთხვევაში მე ამას არ ვუპასუხებ, ყველამ კარგად გავიაზროთ, ეს მოთხოვნა, რაც იყო დაყენებული, ეს არის დღესაც", - განაცხადა მან.

"ჩემი აზრით, გიორგი ვაშაძე რეჟიმის მოკავშირეა", - დაწერა ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა ამ განცხადებაში.

დღეს გიორგი ვაშაძემ ხელისუფლებას აქციაზე ორი მოთხოვნა წაუყენა, მათ შორის რუსული კანონის გაწვევა და დაკავებულების გათავისუფლება. მან ქართულ ოცნებას ერთი საათი მისცა - ვადის ამოწურვის შემდეგ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ორივე მხრიდან პარლამენტის გარშემო ასულიყვნენ და ალყაში მოექციათ შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს შლიან, დაიწყეს მოქალაქეების დაკავებებიც. სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი.

ცოტა ხნის წინ შსს-მ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს აცხადებს, რომ ამ ქმედებებს აღკვეთენ.

ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.

განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.

აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.

პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".

ამ დროის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე.


close დახურვა