logo
ENG



ვაშაძე: კარგია, თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, კანონის ხელახლა რეგისტრაციას ვაპირებთ

06 მაი 202116:35
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: კარგია, თუ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს, კანონის ხელახლა რეგისტრაციას ვაპირებთ

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან შეხვედრისას განხილვის ერთერთი თემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებები იყო.

გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია მოხარული იქნება, თუკი სალომე ზურაბიშვილი ამ შემთხვევაში ვეტოს უფლებას გამოიყენებს.

„პრეზიდენტს გავაცანი ჩვენი პოზიცია, რომ კარგი იქნება, თუ ვეტოს გამოიყენებს, რადგან ჩვენ მაინც ვაპირებთ ხელახლა კანონის რეგისტრაციას პარლამენტში. უკეთესი იქნება, თუ ვეტოს მექანიზმით დაბრუნდება იგივე ჯარიმის ნიშნულები, რაც იყო და რაც ისედაც უსამართლოდ მაღალია. ამ შემთხვევაში თუ ეს დაბრუნდება იგივე ნიშნულზე, ღიად ვამბობ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ კანონპროექტს, რომელიც გაითვალისწინებს იმას, რომ გაზრდილი ჯარიმები აღარ იყოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე", - განაცხადა ვაშაძემ.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის განცხადებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებული ცვლილებები "არადემოკრატიულია".

 

რა ცვლილებები შევიდა კანონში?

პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სანქციების გამკაცრებას მხარი 29 აპრილს დაუჭირა. გამკაცრდა სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები და ფინანსური სანქციები.

ცვლილებები შევიდა სამ მუხლში: 166-ე, 173-ე და 247-ე. 

  • 166-ე მუხლში მხარდაჭერილი ცვლილებით, განმეორებით წვრილმან ხულიგნობაზე იზრდება ჯარიმა 1500-დან 2000 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი 7-დან 15 დღემდე.  

  • 173-ე მუხლში შეტანილი ცვლილებით, სამართალდამცველის მიმართ ერთხელ დაუმორჩილებლოსა და მის სიტყვიერ ან სხვაგვარი შეურაცხყოფაზე ჯარიმა 2000-დან 3000 ლარამდე იზრდება, ადმინისტრაციული პატიმრობა კი - 15 დღემდე ვადით. 

    ამავე ქმედების ხელმეორედ ჩადენაზე, ჯარიმა იზრდება 3 500-დან 4 500 ლარამდე, ადმინისტრაციული პატიმრობა კი 10-დან 15 დღემდე. 
     
  • 247-ე მუხლში ცვლილებებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე დაკავებული პირი, ვალდებული იქნება სასამართლოში გამოცხადეს პირველი შესაძლებლობისთანავე, არაუგვიანეს 24 საათისა. 

კოდექსის ცვლილებას გამოეხმაურა აშშ-ს საელჩოც. მათ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იმედგაცრუებულები არიან ქართული ოცნების მიერ ხსენებული ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო. 

საელჩოში მიიჩნევენ, რომ ამ ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება არასაჭირო და უსარგებლო იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ცვლილებებს საგანგაშოდ მიიჩნევენ. მათი შეფასებით, მიღებული ცვლილებები რეპრესიული მიზნებით შემუშავდა. 

კანონპროექტის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილია, ხოლო ინიციატორები არიან: დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, კახა კახიშვილი.


close დახურვა