logo
ENG



ვაშაძე: კომენტარი, რომ სააკაშვილის კანდიდატურაზე ვერ შევთანხმდით, რეალობასთან კავშირში არაა

07 აგვ 202012:15
3 წუთის საკითხავი
 
fnetn5qrugl4ypw.jpg

"კარგი იქნებოდა ერთიანი კანდიდატები რეგიონებში, მაგრამ რას იზამ, ცხოვრება არის და ცხოვრებას თავისი რეალობები მოაქვს", - ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. 

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, დარჩენილია კანდიდატობის რამდენიმე ვაკანსია, რომლებზეც უნდა შეჯერდნენ და მაჟორიტარ კანდიდატებს ამის შემდეგ დაასახელებენ. 

"რაც შეეხება მაჟორიტარებს, გუშინ ვიმსჯელეთ. რამდენიმე ვაკანსია გვაქვს ჯერ კიდევ და ნაწილ-ნაწილ დასახელება არ შეიძლება. როგორც კი სამდივნო მთლიანად შეადგენს ამ სიას და პოლიტსაბჭო დაამტკიცებს, მაშინვე გავასაჯაროებთ. ჩვენ ველოდეთ, როდის იქნებოდა თბილისში შევსებული ორი ვაკანსია ერთიანი კანდიდატებით. დღეს უკვე 7 აგვისტოა და ისევ ველოდებით. ლოდინის რეჟიმში ნაციონალური მოძრაობა ვერ იქნება. ნაციონალურ მოძრაობაში საუბარია იმაზე, ვაწარმოოთ ისეთ კამპანია, რომ საქართველოს კორუმპირებული, მავნებლური, არაფრისმაქნისი, დამაზიანებელი და პრორუსული მთავრობა მოვაშოროთ", - განაცხადა ვაშაძემ. 

ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტობის კანდიდატად დასახელების შესაძლებლობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ინფორმაცია, თითქოს სააკაშვილის კანდიდატურაზე პარტიაში ვერ შეთანხმდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. 

"გუშინ ძალიან არ მომეწონა - რამდენიმე კომენტარი გაკეთდა, რომელსაც რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მაგალითად ის, რომ ჩვენ ვერ შევთანხმდით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ჩემი მეგობრის, მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურაზე. ამისთანა ჭორის მოგონება, არც ვიცი როგორ შეიძლება", - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში, 22-ვე ოლქში საკუთარ კანდიდატებს დააყენებს. ოპოზიციური სპექტრი საერთო კანდიდატებზე  თბილისის 6 ოლქში შეთანხმდა. 


close დახურვა