პარტია „ახალი საქართველოს“ ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას 12 პარტიისგან გაერთიანებული ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ მართავს. შეხვედრაზე საარჩევნო სტრატეგიას და მაჟორიტარულ კანდიდატებს განიხილავენ. ხელისუფლების ოპონენტები აპირებენ განიხილონ ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებიც.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი ისევ საკვანძო საკითხად რჩება. მანამდე ისინი საკონსტიტუციო განხილვების პროცესში არ ჩაერთვებიან.
ოპოზიცია მოემზადება არჩევნებისთვისაც, ისინი შეთანხმდებიან ერთიან მაჟორიტარულ კანდიდატებზე. სავარაუდოდ გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ 2020 წლის არჩევნებზე წარდგება კოალიციის სახით და გაერთიანებაში შემავალი პარტიები ერთი პროპორციული სიით იქნებიან წარმოდგენილნი. მათივე განცხადებით, ისინი სხვა ოპოზიციური პარტიებისგან წარმოდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს მხარს დაუჭერენ და მაჟორიტარების ერთიანი სია იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.
„მე ვფქრობ დაახლოებით 2 კვირის ფარგლებში ყველა პოლიტიკური ძალა უნდა ჩამოყალიბდეს საკუთარ პოზიციებში მაჟორიტარულ ოლქებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა იფიქროს, რომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა, რადგან მაჟორიტარულ ოლქებში ბრძოლა ყველაზე რთული იქნება. ეს ძალიან კარგად იცის ყველა ოპოზიციურმა პარტიამ და თითქმის ყველა პოლიტიკურ ლიდერზეა საუბარი. ჩვენ მაჟორიტარულ კანდიდატებსაც ერთდროულად წარვადგენთ და კოალიცია ვიქნებით“, - განაცხადა „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრის მურმან დუმბაძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციას ყველა მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატი ეყოლება.
„საერთოდ უნდა გითხრათ, რომ პარტიულ სიებზე ლაპარაკი არ ყოფილა. ყველა გეოგრაფიაში და სავარაუდოდ ეს იქნება 30 მაჟორიტარული ოლქი, გვეყოლება ერთი საერთო კანდიდატი. იქნება პოლიტიკური პარტიები, რომლებიც თავად დააყენებენ მაჟორიტარ კანდიდატებს მაგრამ ეს არის გადასაწყვეტი“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.