logo
ENG



ვაშაძე: მაქვს მტკიცებულებები, ოცნება დგას ქოლ-ცენტრების უკან, ამიტომ აჭიანურებენ კომისიას

16 მაი 202314:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/16/4hgv3t0dbht9tuw.png

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ 6 მაისს ერთ-ერთ შენობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ქართულმა ოცნებამ მისი და დავით არახამიას "გაშავება" და ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირება სცადა.

კერძოდ, ვაშაძე აცხადებს, რომ შენობაში, სადაც ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით ჩხრეკა ჩატარდა, მისი ძმა 10-ნომრიან სასტუმროს ფლობს, თუმცა მისი თქმით, აქვს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ეს კონკრეტული შემთხვევაც ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ მან დღეს პარლამენტში ისაუბრა და თქვა, რომ მტკიცებულებებს მედიას მიაწვდის.

"6 მაისს აღმაშენებლის 75-ში სამართალდამცავმა ორგანოებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, უსიტყვოდ, არაფერი არ განუცხადებიათ, მაგრამ ქართული ოცნების პროპაგანდისტულმა მედიამ სცადა, ჩემი და უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას გაშავება და თითქოსდა რაღაც ქოლ-ცენტრებთან დაკავშირება. ეს იყო პირდაპირ სუს-ის მიერ დაგეგმილი ოპერატიული ლეგენდა, რომელსაც ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ეს პროპაგანდისტული მედიები აწარმოებდნენ.

მე მაშინ საზოგადოების წინაშე დავდე პირობა, რომ ამას ასე არ დავტოვებდი და ყველა დეტალს მივყვებოდი ბოლომდე. ხელთ მაქვს მტკიცებულებები, რომელსაც მედიასაც გადავცემ, თუ როგორ არის დაკავშირებული ქართულ ოცნებასთან თუნდაც ეს კონკრეტული შემთხვევა და თავიდან ბოლომდე ქოლ-ცენტრების ის თაღლითური სქემა, რომელიც არა მხოლოდ ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს, არამედ ძარცვავს საქართველოს მოქალაქეებსაც და ამის არაერთი ფაქტი არის", - ამბობს ვაშაძე.

მისი თქმით, 13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამიამ კომპანია დაარეგისტრირა და იმავე შენობაში ფართი იქირავა. ვაშაძის განცხადებით, მიხეილ არახამიას ცოლი დირექტორია იმ კომპანიაში, რომელიც "დასენების კლანთან" არის დაკავშირებული. კერძოდ, ვაშაძე აცხადებს, რომ მათთან დაკავშირებული კომპანიების მეწილეები ქართული ოცნების დეპუტატი, ისკო დასენის ოჯახის წევრები არიან.

"13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას Lion 7, რომელიც იმ დღესვე ქირაობს ფართს აღმაშენებლის 75-ში, სადაც სხვა სართულზე, ჩემი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს და კითხვა ჩნდება, ვინ არის მიხეილ არახამია, რომელიც აორთქლდა და გაქრა საერთოდ საქართველოდან. მიხეილ არახამიას ცოლი, ქეთევან თედორაძე გახლავთ მალხაზ ამოიანის კომპანია შპს რუთსის დირექტორი, თავის მხრივ, მალხაზ ამოიანი დასენების კლანთან ერთად ჩაჩი დასენთან ერთად ფლობს Black Sea Rocks, ასეთ ქოლ-ცენტრს, კომპანიას, რომელიც ძარცვავს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე, პირველ რიგში, ევროპელ პენსიონერებს. ვინ არის ჩაჩი დასენი? ჩაჩი დასენი გახლავთ კომპანია ვიპ ტრეიდის დირექტორი, რომლის მეწილეები 2020 წლამდე იყვნენ ტიტალ დასენი და გნალ დასენი, ასევე, არტურ არაბიამი, ეს ადამიანები გახლავან ისკო დასენის ოჯახის წევრები, ქართული ოცნების პარლამენტის წევრის, ჩაჩი დასენი აქაურმა პროკურატურამაც კი მისცა ფულის გათეთრების გამო პასუხისგებაში, იმიტომ, რომ ვეღარ დაიმალა იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ ადამიანს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისკო დასენი და დასენების ოჯახი უარყოფს კავშირს, თითქოსდა 2020 წლის შემდეგ კავშირი არ აქვს ჩაჩი დასენთან, არადა მათი სხვა კომპანიის, შპს მისო ლიდერის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ბატონი გიორგი გოგუაძე ამ წლის 24 აპრილის ჩათვლით გახლდათ ვი ტრეიდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ასევე. ანუ ამ დასენების კლანის მიერ შექმნილი თაღლითური სქემის მთავარი დედა კომპანიის წევრი", - განაცხადა მან.

ვაშაძის განცხადებით, მის ხელთ არსებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ქოლ-ცენტრების უკან სწორედ ქართული ოცნება დგას და ამიტომ აჭიანურებენ ისინი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას.

"შესაბამისად, მე ხელთ მაქვს მთელი ეს მტკიცებულებები, რომელსაც გადავცემ მედიასაც და კიდევ ერთხელ ნათლად ჩანს, რომ სწორედ ქართული ოცნება დგას ქოლ-ცენტრების უკან, სწორედ ამიტომ ახლა აჭიანურებენ ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, არ უნდა, რომ შექმნან.

ეს, რა მტკიცებულებებსაც ახლა მე წარმოგიდგენთ და დასაბუთებულია შპს-ების სარეგისტრაციო მასალებით ამ ადამიანების ურთიერთკავშირები, ეს არის მხოლოდ ზღვაში წვეთი იმ დიდი თაღლითური სქემის, რომლითაც ფინანსდება ქართული ოცნება, როგორც პოლიტიკური პარტია და ფინანსდებიან და ზურგს უმაგრებენ ის სპეცსამსახურები, რომელმაც ეს სპეცოპერაცია დაგეგმეს ჩემ წინააღმდეგ.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, მე და ჩემი ოჯახი, ასევე, დავით არახამიაც არის ცამდე მართალი ამ საქმეში, თუ ვინმე არის დამნაშავე, არიან ეს ადამიანები, რომლებიც ხელს აფარებენ ამ დიდ თაღლითურ სქემას დღეს საქართველოში", - ამბობს ვაშაძე.

მოგვიანებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვაშაძის განცხადებას ისკო დასენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირი არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არასოდეს ჰქონიათ. მისი განცხადებით, ვაშაძე საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.


close დახურვა