logo
ENG



ვაშაძე: მიშელმა ოპოზიციას გვთხოვა კომპრომისი, ჩვენ შევთავაზეთ პლებისციტი

01 მარ 202116:43
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე: მიშელმა ოპოზიციას გვთხოვა კომპრომისი, ჩვენ შევთავაზეთ პლებისციტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ შეხვედრიდან ბევრად ნაკლებს ელოდა. 

მისი განცხადებით, დაინახა, რომ შარლ მიშელი პირადად აპირებს, ჩაერთოს კრიზისის მოგვარების პროცესში. 

"ჩვენი მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს იმ პოლიტიკური კრიზისის საკითხი, რომელიც საქართველოში არის". - თქვა მან. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე განხილულ იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: 

"მეორე, ძალიან სერიოზული განაცხადი იყო ფასილიტაციიდან მედიაციის საფეხურზე გადასვლა, რაც გულისხმობს იმას, რომ მოლაპარაკებების პროცესში კონკრეტულ წინადადებებს ევროკავშირის მხარეც წარმოადგენს იმისთვის, რომ მის ასოცირებულ წევრ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი მოგვარდეს. 

მესამე: მე დავინახე, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს. ეს არის ევროკავშირის განცდა. არ არის ნორმალური გარემო, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში. დიდი მადლობა მათ ამ პოზიციისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხით სერიოზული წინსვლა გვექნება". - თქვა ვაშაძემ. 

სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა ასევე თქვა, რომ შარლ მიშელმა ოპოზიციას კომპრომისი სთხოვა, პარტიებმა კი შესთავაზეს პლებისციტი რიგგარეშე არჩევნების შესახებ, უშუალოდ არჩევნების მოთხოვნის ნაცვლად. 

ვაშაძის თქმით, ეს დიდი და ფუნდამენტური დათმობაა. 

"გვთხოვეს, რომ უნდა ვიყოთ კომპრომისულები. კომპრომისად ვთქვით რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ჩემი აზრით, ეს ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს. შევხედოთ,რა გზით წავა მოლაპარაკების პროცესი". - თქვა მან. 

გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ შარლ მიშელთან შეხვედრიდან გამომდინარე, მისი აზრით, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის შეთანხმება მარტის ბოლომდე შედგება. 

იმ პოლიტიკოსების უმეტესმა ნაწილმა - 51-მა დეპუტატმა, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს, დეპუტატობაზე უარი თქვა - მათ არჩევნები გაყალბებულად მიიჩნიეს და ბოიკოტი გამოაცხადეს. მათ მალევე დაწერეს განცხადებები მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით. პარლამენტმა ოპოზიციური პარტიების 51 წევრისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მხარი არ დაუჭირა

მანდატების შეწყვეტის შესახებ განცხადება არ დაუწერიათ ზურაბ ჯაფარიძისგან გამოყოფილ პარტია გირჩის დეპუტატებ, ასევე მანდატები შეინარჩუნეს ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა. ელისაშვილი და იოსელანი 2 თებერვალს პარლამენტში შევიდნენ, მანამდე კი მმართველ გუნდთან ერთად მემორანდუმს მოაწერეს ხელი. პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიიდან მოხვედრილი 4 დეპუტატი შევიდა და პარტია ევროპელი სოციალისტები ჩამოაყალიბა. 

ამ დრომდე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. თუმცა, ოპოზიციის მთავარი მოთხოვნები: ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არ დაკმაყოფილდა. ხელისუფლება უარს ამბობს ოპოზიციის შეთავაზებაზეც, ჩატარდეს პლებისციტი და ხალხმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა რიგგარეშე არჩევნები. 


close დახურვა