logo
ENG



ვაშაძე: მოვითხოვ მთავრობის მიერ გამოყოფილ თანხაზე უმრავლესობის დეპუტატებმა ერთი თვე იცხოვრონ

24 აპრ 202022:15
3 წუთის საკითხავი
 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ, გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა შეაფასა. როგორც ვაშაძე გადაცემაში აცხადებს, ოპოზიცია ხელისუფლებისგან ელოდა დახმარების გამოყოფას იმ ბიზნესებზე, რომლებიც პანდემიის დროს საქართველოში დაზარალდა. ასევე ვაშაძის თქმით, ის თანხები, რომლებიც ხელისუფლებამ უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის გამოყო, საკმარისი არ არის.

„უპირველეს ყოვლისა ველოდებოდით იმას რომ ლაპარაკი იქნებოდა ბიუჯეტის ოპტიმიზაციაზე. მონეტარული პოლიტიკით აგრესიულ ლიბერალიზაციაზე. ფინანსურ და საგადასახადო დახმარებებზე, იმ ბიზნესებზე, რომელიც ყველაზე მეტად დაზიანდა კორონავირუსის პანდემიის დროს და იმაზე თუ რა როლი უნდა ითამაშოს საბანკო სექტორმა ამ ყველაფერში. შემდეგ უნდა გადასულიყვნენ ისეთ ღონისძიებებზე, რომლებიც საქართველოს მოქალაქის სოციალურად და ეკონომიკურ მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებდა და საშუალებას მისცემდა მას ეს კრიზისი გადაეტანა. რომ ჩამოვთვალოთ ყველაზე მოწყვლადი ნაწილი ჩვენი საზოგადოების, ეს ციფრები უშველის პენსიონერებს, დევნილებს, იმ ადამიანებს ვინც თვითდასაქმებული იყვნენ?! ეს უშველის სტუდენტებს, რომლებიც ვერ იხდიან სწავლისა და ბინის ქირას.  კატეგორიულად მოვითხოვ ამ გამოყოფილ თანხაზე უმრავლესობის დეპუტატებმა ერთი თვე იცხოვრონ“,-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ დღეს, საგანგებო მდგომარეობიდან ერთი თვის თავზე ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. ეკონომიკური და სოციალური დახმარების პაკეტის მიხედვით, 200 ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში მიიღებენ მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ან დამქირავებლებმა უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.

 


close დახურვა