logo
ENG



ვაშაძე: მშიშარა ხელისუფლება, ზურგს უკან არის ამოფარებული სასამართლოს და პროკურატურას

13 თებ 202014:49
3 წუთის საკითხავი
 

„მშიშარა ხელისუფლება, ზურგს უკან არის ამოფარებული სასამართლოს და პროკურატურას,“ - ამის შესახებ განცხადებას „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ნიკა მელიას შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით აკეთებს. მისი განცხადებით, სასამართლოს და პროკურატურას მსგავსი უკანონო ქმედებები არ შერჩება.

„მშიშარა ხელისუფლება, ზურგსუკან არის ამოფარებული სასამართლოს და პროკურატურას. მსოფლიო მასშტაბით უკვე სრული თანხმობაა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები. ვიცით, რომ ოცნებას შავი სია შედგენილი აქვს, ვიცით, რომ ამ სიის მიხედვით დავალებები აქვს პროკურატურას და სასამართლოს მაგრამ არ გაგივათ თავხედობა და უკანონობა რასაც სჩადიხართ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი აგონიაშია და მდგომარეობის გამოსწორების ნაცვლად ყოველდღე უფრო და უფრო რთულ სიტუაციაში იგდებს თავს.

„ეს არის ივანიშვილის კონვულსიური ქცევები. აგონიაშია და ყოველდღე უფრო მეტ ნაბიჯს დგამს თვითიზოლაციისკენ. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილი არ იყენებს შესაძლებლობას, ნორმალურად გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან რაც მან შექმნა“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს რამდენი პოლიტპატიმარი ეყოლება. ოპოზიციონერი ლიდერი არ გამორიცხავს, რომ დაკავებები გაგრძელდეს.

„პოლიტპატიმრები გვყავს, დემოკრატიულად უკან დავიხიეთ, ივანიშვილისთვის არ მგონია ახლა პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდეს სამი პოლიტპატიმარი ეყოლება თუ შვიდი. დიდი ალბათობაა, რომ დაკავებები კიდევ გაგრძელდება“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

სახელმწიფო ნიკა მელიას „ქართუ“ ჯგუფის ქონების დამალვას ედავება. პირველი ინსტანციის სასამართლო ამ საქმეს რამდენიმე წელი იხილავდა და საბოლოო ჯამში გასულ წელს ამ საქმის განხილვა დაასრულა. წარდგენილი ბრალდებებიდან სასამართლომ ნიკა მელია ერთ მუხლში გაამტყუნა და და 25 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, ხოლო მეორე უფრო მძიმე მუხლში, რომელიც ჯგუფურად სხვისი ქონების გადამალვას გულისხმობს გაამართლეს. 2019 წლის 30 დეკემბერს პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით და ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილებას ითხოვს. მუხლი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა