logo
ENG



ვაშაძე: ნაციონალური მოძრაობა არღვევს მაჟორიტარულ ოლქებზე შეთანხმებას

26 აგვ 202022:43
3 წუთის საკითხავი
 
9xeqrrnn96hpfx3.jpg

"ჩვენ გვქონდა შეთანხმება ისნისა და სხვა მაჟორიტარულ ოლქებზე და ამ შეთანხმებას არღვევს ნაციონალური მოძრაობა", - ასე აფასებს "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი გიორგი ვაშაძე Facebook-ზე მის ოლქში ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ხატია დეკანოიძის მაჟორიტარ კანდიდატად დაყენებას. 

ვაშაძე აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური თამაშებით არის დაკავებული, დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად ქართული ოცნების დამარცხების ნაცვლად. 

"ეს არის მათი გადაწყვეტილება, ითამაშონ ოპოზიციური გაერთიანების შიგნით პოლიტიკური თამაშები, ნაცვლად იმისა, რომ შემოგვიერთდნენ "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის დასამარცხებლად საპარლამენტო არჩევნებში", - წერს ვაშაძე. 

ვაშაძე წერს, რომ ის, როგორც ქვეყნის მომავალი პრემიერმინისტრი, იმ პრობლემების გადაჭრაზე იმუშავებს, რომლებიც ქართულ საზოგადოებას ნამდვილად აწუხებს. 

"ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას ისნის ოლქში "დამსხვრეული ოცნებების" პარტიის კანდიდატზე და ჩემთან როგორც ამ ქვეყნის მომავალ პრემიერმინისტრთან ერთად, დავამარცხებთ კრიმინალსა და სიღარიბეს. საქართველოში არცერთი ბავშვი აღარ უნდა შიმშილობდეს და მოქალაქეები ქუჩებში თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდნენ. ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და მაღელვებს", - აცხადებს ვაშაძე. 

დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ ისნის მაჟორიტარულ ოლქში ვაშაძის მხარდაჭერის ნაცვლად ხატია დეკანოიძე დააყენა კანდიდატად.

აქამდე ისნის ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი გიორგი ვაშაძე იყო, რომელსაც თავდაპირველად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც უჭერდნენ მხარს.  

პარტიის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილს თბილისის 8 ოლქიდან, მხოლოდ 7-ში ჰყავთ ერთიანი, შეთანხმებული კანდიდატი წარდგენილი. 


close დახურვა