ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 20 ივნისის აქციის საქმეზეა დაკავებული, პოლიტიკური პატიმარია.
"გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს.
„ეს არის ალბათ წარმოუდგენელი საქმე, იმიტომ რომ მტკიცებულება არ არსებობს. აიღეს და უბრალოდ ჩასვეს ადამიანები. შესაბამისად რა თქმა უნდა ეს საქმე პოლიტიკურია. სამწუხაროა, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური გამოძიებების პროცესი კიდევ უფრო მეტად უარესდება,“- განაცხადა ვაშაძემ.
"გამარჯვებული საქართველოს" წევრის გუბაზ სანიკიძის აზრით, ოქრუაშვილი პოლიტიკური ფიგურაა და ის ივანიშვილისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ, როგორც სანიკიძე განმარტავს, ოქრუაშვილის დაკავება, სწორედ ამას უკავშირდება.
„ეს ნიშნავს ერთ რამეს, ეს დიაგნოზია და ყვითელი ბარათი არის ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ, ირაკლი ოქრუაშვილი არის პოლიტპატიმარი. ადრე თუ გვიან ეს საქმე მივიდოდა აქამდე. როგორც ჩანს ხელისუფლებაში დინოზავრები არიან და ჰგონიათ, რომ მათ ეს არ დაემართებათ. უმძიმესი პრობლემა ხდება ოქრუაშვილი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის. ოქრუაშვილი ამასთან არის პოლიტიკური ფიგურა და ივანიშვილს მოუწევს არჩევანის გაკეთება, სად ურჩევნია ოქრუაშვილი გარეთ თუ ციხეში,“ - აღნიშნა სანიკიძემ.