ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს განიხილავს. როგორც სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთი საკითხი რაზეც მხარეები შეთანხმდნენ არის ის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ID ბარათებით იქნება შესაძლებელი.
"ერთი კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, რაზეც უკვე შევთანხმდით. ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, ანუ მხოლოდ ID ბარათებით იქნება. რაც ძალიან მაგარი მიღწევაა - ეს 1 საათის მუშაობის შედეგია. ტექნოლოგიური საკითხები გავცვალეთ", - განაცხადა ვაშაძემ.
ოპოზიცია მმართველ გუნდს საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტს წარუდგენს. პარტიების ერთობლივად მომზადებული პაკეტი საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმასაც ითვალისწინებს, ასევე, ეხება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს.
როგორც პოლიტიკოსები ამბობენ, კანონპროექტის ამოსავალი წერტილი შარლ მიშელის დოკუმენტია.
განხილვაშიც სწორედ ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მონაწილეობენ, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. შეხვედრა კაჭრეთში მიმდინარეობს და 2-დღიანია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში, რომელსაც ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, ნათქვამია, რომ უნდა განხორციელდეს ამბიციური საარჩევნო რეფორმა, მათ შორის, 2%-მდე დაიწიოს საარჩევნო ბარიერი.
დოკუმენტში საუბარია ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნისა და საარჩევნო კომისიების წევრების დაკომპლექტების პროცედურებზე. ამასთან, აღნიშნულია, რომ ყველა საჭირო ცვლილება დროულად უნდა იყოს მიღებული პარლამენტის მიერ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.