აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე ოპოზიცია ხელახალი არჩევნების კონკრეტულ თარიღზე დაიწყებს მოლაპარაკებას.
"შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ ფაქტობრივად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელი გადაწყვეტილებით დახურა ყოველგვარი საუბარიც კი გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმებზე, რაზეც იყო საუბარი ქართული ოცნების მხრიდან და ეს საკითხი დაიხურა.
ასევე, ჩვენ ძალიან კონკრეტულად შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდი, სადაც უკვე კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ოპოზიციას მოლოდინი გვაქვს, რომ ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე იმიტომ, რომ ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების განხილვას აზრი არ აქვს", - ამბობს ვაშაძე.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკების პირველი რაუნდი 12 ნოემბერს გაიმართა. შეხვედრაში ოპოზიციური პარტიების და ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობენ, აშშ-ის და ევროკავშირის ელჩის შუამავლობით.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ. როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებით, არჩევნების გაყალბების მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე.
ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.
ამ მოთხოვნით უკვე 2 საპროტესტო აქციაც გაიმართა. მათგან ერთი, ქართული ოცნების ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც მომიტინგეები და მედიის წარმომადგენლები დაშავდნენ. მორიგი საპროტესტო აქცია დღეს14 ნოემბერს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან იგეგმება.