logo
ENG



ვაშაძე: ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად

09 ნოე 202014:11
3 წუთის საკითხავი
 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის. 

როგორც ვაშაძემ ამბობს, ქართული ოცნების წარმომადგენლები ერთის მხრივ, ოპოზიციას დასცინიან და აკრიტიკებენ, მეორეს მხრივ კი დიალოგს სთავაზობენ.

"ამბობენ ერთს, აკეთებენ მეორეს. ერთი ხელით ლანძღვა-გინება, ისევ დაცინვა ოპოზიციის, მეორე ხელით დიალოგის შეთავაზება. ეს არის ის რეალური სახე, რაც მათ აქვთ.

ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, იმ საკითხებზე, რაც დასმული არის ოპოზიციის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ველოდებით ადეკვატურ პასუხს ამასთან დაკავშირებით. გვაქვს კომუნიკაცია დიპლომატებთან და საბოლოო პოზიციებზე აუცილებლად ჩამოვყალიბდებით",-ამბობს ვაშაძე.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა პროცესი, რომელიც ქუჩაში მიმდინარეობს, "მათივე ინიციატივით და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, სასწრაფოდ უნდა იქნას გადმოტანილი სამართლებრივ და პოლიტიკურ პლატფორმებზე". 

გუშინ, 8 ნოემბერს ცესკო-სთან მყოფი დემონსტრანტები თამარ ჟვანიას გადადგომას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ. მშვიდობიან მომიტინგეებს საარჩევნო კომისიის შენობასთან სპეციალური დანიშნულების მრავალრიცხოვანი რაზმი დახვდა. სამართალდამცველებმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მომიტინგეების ნაწილს წყლის ჭავლი მიუშვირეს, რის შედეგადაც აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. 

პოლიტიკური ლიდერებისა და პარლამენტის აქციიდან მომავალი დანარჩენი მომიტინგეების ადგილზე მისვლის შემდეგ კი, სპეცრაზმელებმა წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს. მომიტინგეებთან ერთად დაშავდნენ სხვადასხვა ტელევიზიის, მათ შორის, ფორმულას ჟურნალისტებიც. 

თვითმხილველების მტკიცებით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს, თუმცა შსს-ში ინფორმაციას უარყოფენ. 

გაერთიანებული ოპოზიცია პარლამენტის წინ დღეს, 9 ნოემბერს 18:00 საათზე აქციას გამართავს. ისინი ცესკო-სთან მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევას გააპროტესტებენ. გარდა ამისა, კვლავ გააჟღერებენ 3 მთავარ მოთხოვნას - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები, გადადგეს თამარ ჟვანია და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი. 

აღსანიშნავია, რომ დღეიდან, 9 ნოემბრიდან საქართველოს დიდ ქალაქებში, მათ შორის, თბილისში გადაადგილება 22:00 სთ-დან იზღუდება. შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში კი, მოქალაქეები 2 000 ლარით დაჯარიმდებიან.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, კახი კალაძემ დღეს თქვა, რომ თუ დღეს, 9 ნოემბერს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას 22:00 საათის შემდეგაც გააგრძელებენ, ამას კანონით გათვალისწინებული შესაბამისი რეაგირება მოყვება.

 


close დახურვა