ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში "ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და პრალამენტის წინ 12 დეკემბერს აქციის დროს დაკავებული 5 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სამართალდამცველები, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის ლიდერები, პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ სასამართლოსგან მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას არ ელოდებიან. მათ საქმეებს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.
როგორც გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ფილიშვილი „ოცნების“ მხარდამჭერია და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების იმედი არ აქვს.
„ჩემი და სხვა აქტივისტების დაკავება იყო წინასწარ გამიზნული ქმედება, რომელშიც გამოიკვეთა პოლიციელთა უკანონო ქმედებები. ჩვენ ხვალ ინფორმაციას მივაწოდებთ დიპლომატიურ კორპუსებს. ამით ვერ გაგვაჩერებენ. რა საშინელ დღეშია ვალერიან ფილიშვი, რადგან ის აშკარად მიკერძოეუბული მოსამართლეა. ის ასრულებს ოცნების დავალებებს. მას დავპირდი პროცესზე, რომ ჩვენი ბრძოლა არის მათ შორის სასამართლო ხელისუფლების გათავისუფლებისთვის და ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა ვაშაძემ.
პროცესის დაწყებამდე ვაშაძის მხარდამჭერებმა ერთგვარი აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ სასამართლოსთან სიმბოლურად სპეციალურად შექმნილი ზებრა გადასასვლელი მიიტანეს, რადგან როგორც თავად აქციის მოანწილეები აცხადებენ, სამართალდამცველებმა ვაშაძე სწორედ ზებრა გადასასვლელზე გადასვლის გამო დააკავეს. ვაშაძის მხარდამჭერებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით „დღეს მეც ვაშაძე ვარ“.
„სიმბოლურად სასამრთლოს წინ ხელოვნური ზებრა გავაკეთეთ. ივანიშვილს ეტყობა გონია, რომ ვაშაძემ მის ზებრას დააბიჯა ფეხი, თორემ ამის გულისთვის ადამიანის დაჭერა როგორ შეიძლება“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თეონა ჭალიძემ.
შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჯამში 16 პირი დააკავეს. 12-ის საქმეს ფილიშვილს განიხილავდა, ხოლო 4-ის საქმეს ნათია მერაბიშვილი. 16-ვეს დაკავებულის საქმე 13 დეკემბრისთვის გადაიდო.
დაკავებულთა შორის არიან სამოქალაქო აქტივისტები, ლექტორები, პოლიტიკური პარტიის ლიდერები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან უზენაეს სასამართლოში უკვე უვადოდ განწესებულ მოსამართლეთა კენჭისყრის პროცედურას აპროტესტებდნენ.
მიუხედავად პროტესტისა, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, აქედან 2 მოქმედი მოსამართლეა. პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა თამარ ალანიას, შოთა გეწაძის, პაატა სილაგაძის, ლაშა ქოჩიაშვილისა და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურას.