სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების მიზანი არა ქუჩაში დგომა, არამედ სწორ პროცესზე შეთანხმებაა.
ვაშაძის თქმით, ის ვითარება, რომელიც დღეს ქვეყანაშია, მრავალწლიანი არასწორი მმართველობის შედეგია.
"სამწუხაროდ ეს რეალობა მივიღეთ ჩვენ წლების განმავლობაში არასწორი მმართველობის შედეგად. ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ამ ღრმა კრიზისიდან, მათ შორის არა მარტო პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი, საჭიროებს აბსოლუტურად ახლებურად შეხედვა რეალობის ქართული ოცნების მხრიდან. იმედი მაქვს, რომ ამ ახალ რეალობას ისინიც დაინახავენ. ჩვენი მიზანი ქუჩაში დგომა არ არის. ჩვენი მიზანია, შევთანხმდეთ სწორ პროცესზე, რომელიც დაიცავს თითოეული მოქალაქის ინტერესებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარლამენტის შენობაში პირველი სხდომის მიმდინარეობის პარალელურად ახალგაზრდობის სასახლის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა მანდატებზე უარს დემონსტრაციულად მოაწერეს ხელი. მემორანდუმზე ხელის მოწერა იმის კიდევ ერთხელ დადასტურებას ემსახურება, რომ ბარიერგადალახული პარტიები პარლამენტში არ შევლენ.
მონაწილე პარტიები ამ ფორმით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელისუფლებისგან ხელახალი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.
ბარიერგადალახული პარტიები მანდატების გაუქმების მოთხოვნით პარლამენტს ოფიციალურად 14 დეკემბერს მიმართავენ. მანამდეა ჩანიშნული მოლაპარაკებების მე-5 რაუნდიც, რომელიც ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გაიმართება.
დღეს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. დღევანდელ სხდომაზე აირჩევენ პარლამენტის თავმჯდომარეს, ვიცესპიკერებსა და კომიტეტების თავმჯდომარეებს.