logo
ENG



ვაშაძე დევნილთა დასახლებაზე: კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით

16 იან 202221:10
3 წუთის საკითხავი
 
ვაშაძე დევნილთა დასახლებაზე: კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დევნილების დასახლებაში მომხდარი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობის და უმოქმედობის ბრალია. 

ვაშაძე ხელისუფლებასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რომ შესაბამისი დახმარება დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ უკლებლივ ყველა ოჯახს:

"ვუსამძიმრებ ზღვისუბანში გარდაცვლილი მამაკაცის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს. კიდევ ერთი ტრაგედია ხელისუფლების დაუდევრობით და უმოქმედობით! 130 ოჯახი რა ხანია ითხოვს, საცხოვრებლად საშიში პირობებიდან გამომდინარე, ფართებით უზრუნველყოფას, თუმცა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მათ არათუ პასუხი ვერ გასცა, ინტერესიც კი არ გამოუჩენია ამ უმწვავესი პრობლემის მიმართ.

დღეს ვიგებთ, რომ ერთ-ერთმა დევნილმა მოსახლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მთავრობას ხალხის ხმა არ ესმის, არ ესმის დევნილების ხმა და ადამიანები იძულებულები არიან, შემზარავი და სავალალო გადაწყვეტილებები მიიღონ. კიდევ რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეეწიროს თქვენს უპასუხისმგებლობას და უყურადღებობას?! საკმარისია! დრულად აღმოუჩინეთ სათანადო დახმარება ყველა ოჯახს!" - გიორგი ვაშაძე.

დღეს, 16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

თემქაზე დევნილები რამდენიმე დღეა, აქციას მართავენ და მთავრობას ბინებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. 

ადგილობრივების თქმით, მათი საცხოვრებელი კორპუსი ისედაც დაზიანებული იყო, დღეს კი შენობამ ნგრევა დაიწყო. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ კედლები და ჭერი დაზიანებულია, კორპუსში კი ახალი ბზარები ყოველდღე ჩნდება და ბათქაში იყრება. 


close დახურვა