სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას ეხმაურება და "მძიმე ინფორმაციად" აფასებს.
"ძალიან მძიმე ინფორმაციაა. საერთოდ ნომერ პირველი დანაშაული ქვეყნის და ერის წინაშე, რომელსაც სჩადის რუსი აგენტი ფარცხალაძის მცველი ქართული ოცნება არის, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემა გაწეულია მაქსიმალურად პროცესებიდან და ცდილობენ რომ მიჩქმალონ.
საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება იმდენად მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდეთ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რომ კიდევ უფრო დიდი პრობლემა შეექმნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. რუსეთთან ფარცხალაძეებით საუბარს მიჰყავს აქამდე საქმე. როცა შენ, რუს ჯაშუშს, ფარცხალაძეს იცავ, რუსეთი გპასუხობს ასე - მას უნდა მეტი, მას უნდა კიდევ უფრო დაგასუსტოს", - ამბობს ვაშაძე.
***
რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსეთმა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. ბჟანია ამბობს, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".