logo
ENG



ვაშაძე სააკაშვილზე: ყველა პარტიასა და პოლიტიკაზე წინ დგას მეგობრობა

23 ოქტ 202116:46
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ ყველა პარტიასა და პოლიტიკაზე წინ მეგობრობა დგას. 

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან მას ცხოვრების უზარმაზარი ნაწილი აკავშირებს.

"წყალსაც წაუღია ყველა პარტია. იმ ბალაგანზე წინ, რასაც პოლიტიკას ეძახიან საქართველოში, ყველა პარტიასა და პოლიტიკაზე წინ დგას მეგობრობა. მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული". - თქვა ვაშაძემ.

​მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად ჯერ არ დასუსტებულა, თუმცა, ეტყობა, რომ ეს მალე მოხდება. 

"ფიზიკურად დასუსტებული არ არის, მაგრამ ეტყობა, რომ დასუსტებას მალე დაიწყებს. გონება, როგორც ყოველთვის, სამართებელივით აქვს, მაგრამ 23-ე დღეა შიმშილობს. რაც არ უნდა წვენი და წყალი სვა, ძნელია". - თქვა მან. 

გრიგოლ ვაშაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 2020 წლის 15 დეკემბერს დატოვა. მან თქვა, რომ არ ეთანხმებოდა პარტიის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას - არჩევნების შედეგების და პარლამენტის ბოიკოტს. მან, ენმ-ისგან განსხვავებით, შარლ მიშელის დოკუმენტს გაფორმებისთანავე მოაწერა და პარლამენტშიც შევიდა. 

რამდენიმე თვეში ის გიორგი ვაშაძესთან გაერთიანდა პლატფორმაში მესამე ძალა. 

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. მანამდე, დილით, მან ვიდეო გაავრცელა და თქვა, რომ ბათუმშია. დაკავებისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და უკვე 23 დღეა, საკვები არ მიუღია. 


close დახურვა