logo
ENG



ვაშაძე წყალტუბოს რეაბილიტაციაზე: ეს არის ბლეფი

30 მაი 202014:06
3 წუთის საკითხავი
 

პოლიტიკური პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერებმა წყალტუბოში სანატორიუმის შენობები დაათვალიერეს. მათი შესყიდვისა და რეაბილიტაციის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, თუმცა დღემდე სამუშაოები არ დაწყებულა. ვაშაძეს სასტუმრო ისეთივე მდგომარეობაში დახვდა, როგორც ნახევარი წლის წინ - ეკონომიკის მინისტრს.

„ახალი საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ივანიშვილმა მოსახლეობა კიდევ ერთხელ მოატყუა. 

„29 ოქტომბერს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე იღებს წყალტუბოს პროექტს. სამწუხაროდ, ჩემ უკან რაც ხდება, ეს არის მთელს წყალტუბოში. ეს არის კიდევ ერთი ბლეფი, რომელიც მოვისმინეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთი არჩევანი - ან საქართველო რეგიონის ლიდერი, ან ივანიშვილის საქართველო, რომელიც არის მუდმივად გაჭირვებული. მუდმივად გვატყუებენ. ასეთი სასტუმრო ათობით არის აქ.

იმასაც გეტყვით, რომ 350 000 000 თავის დროზე წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის უნდა დახარჯულიყო. გააჩერეს ეს პროექტი. საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ახლა მითხრეს, რომ ციხეში ზის. ინვესტორებზე მუშაობდა და გადაკვეთა, როგორც ჩანს, ივანიშვილის ინტერესები და დასაჯეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

წლების წინ, როდესაც ქუთაისის პარლამენტის სრული დატვირთვით მუშაობა იგეგმებოდა, წყალტუბოს განვითარება ამ პროექტის ნაწილად განიხილებოდა. დღეს 20-მდე უნიკალური შენობა ინვესტორს ელოდება.

29 ოქტომბრის განცხადება: 

ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში არსებულ ყველა სასტუმროსა და აბანოს ყიდულობს. "მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს,"-წერს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე "ქართული ოცნების" ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ წყალტუბოს რეაბილიტაცია ტურისტების მოზიდვისა და რეგიონის განვითარების გარდა, უამრავ ადამიანს დაასაქმებს, ასევე, დაკმაყოფილდება იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების ინტერესებიც.

 


close დახურვა