logo
ENG



ვაშაძის ინფორმაციით, ვისოლის კომპანია ალმა ენმ-ს ბილბორდის გაკვრაზე უარს ეუბნება

03 ოქტ 202411:29
3 წუთის საკითხავი
 

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ვისოლის კომპანია ალმა მათ ქალაქში ბილბორდების გაკვრაზე უარს ეუბნება.

მისი ინფორმაციით, ბილბორდებზე ეწერა ასეთი შინაარსის ტექსტი: "ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს, იმისთვის, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და N1 ამოცანა გვაქვს, რომ მოვიშოროთ ოცნება და ივანიშვილი".

"დღეს საბოლოოდ მივიღეთ ინფორმაცია, რომ კომპანია ვისოლი ოცნების დავალებით არ გვიკრავს ბილბორდებს ქალაქში, რომელზეც არის ჩვენი გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის. ბილბორდების შინაარსი არის, რომ ერთიანობამ უნდა გაიმარჯვოს, იმისთვის, რომ წავიდეთ ევროკავშირისკენ და N1 ამოცანა გვაქვს, რომ მოვიშოროთ ოცნება და ივანიშვილი.

მე მივმართავ ოცნების წარმომადგენლებს, ბიძინა ივანიშვილს, რისი გეშინიათ? რატომ მიმართავთ ასეთ ხრიკებს? მივმართავ კომპანია ვისოლს, გამოდით და თქვით, არის თუ არა კონტრაქტი დადებული, არის თუ არა თანხა ჩარიცხული თქვენს ანგარიშზე და რა უფლებით არ აკრავთ ამ ბილბორდებს საქართველოში?! ხელისუფლებიდან წასვლისთვის, ბილბორდების არ გაკვრა, ვერ გიშველით.

ეს ხრიკები ოცნებას ვერცერთ შემთხვევაში ვერ უშველის, მივმართავ ივანიშვილს, კობახიძეს - თქვენ მარცხდებით და ახლა ცდილობთ, ასეთი გზით, ასეთი ხრიკებით, რამენაირად გამოასწოროთ მდგომარეობა? თქვენ რა უბედურება გამოაკარით ამ ბილბორდებზე, მთელი მსოფლიო აღშფოთებულია. ჩვენ კი ვამბობთ იმას, რაც სიმართლეა. დიახ, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი და ოცნება. უნდა მოვიშოროთ იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპის სრულუფლებიანი წევრი, მივიღოთ 14 მლრდ, განვავითაროთ ეკონომიკა, ავაშენოთ ქვეყანა და ამას წინ ეღობებით თქვენ. ამიტომ, ნუ გეშინიათ, მოემზადეთ დამარცხებისთვის, ეს ხრიკები თქვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ გიშველით", - თქვა ვაშაძემ ბრიფინგზე.

ბანერები, რომლის გაკვრაზეც ალმამ უარი თქვა:

ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი დიმა ჩიქოვანი ამბობს, რომ მათ ალმასთან ხელშეკრულება აქვთ, ბანერის განთავსებაზე უარის თქმა კი დისკრიმინაციული მიდგომაა.

"ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას აქვს მიმდინარე ხელშეკრულება ვისოლ ჯგუფში შემავალ კომპანია ალმა პლუსთან, სარეკლამო ბანერების განთავსებაზე და დღეს დილით მე მათგან მივიღე პასუხი, რომ იმ ვიზუალით, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, ისინი ბანერს არ განათავსებენ, რაც არის აბსოლუტურად დისკრიმინაციული მიდგომა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ ზომას მივმართავთ, რომ ეს აღმოიფხვრას.

იმ პირობებში, როცა ჩვენ ქალაქში ვხედავთ ქართული ოცნების რეკლამას, სადაც ისინი გამოიყენებენ მარიუპოლის ნანგრევებს, უკრაინაში სხვადასხვა ლოოკაციიდან დანგრეულ ტაძრებს თუ დაბომბილი სახლების ვიზუალებს, ჩვენ არ გვეძლევა კამპანიის ჩატარების საშუალება, სადაც მოვუწოდებთ ხალხს, რომ ხმა მისცენ ერთიანობა-ნაციონალურ მოძრაობას" და მოიშორონ ქართული ოცნება", - თქვა ჩიქოვანმა.

ფორმულა კომპანია ალმას წარმომადგენელს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ინფორმაციას არ ფლობს და მოიკითხავს.


close დახურვა