logo
ENG



ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია

22 ნოე 201911:45
3 წუთის საკითხავი
 
crji1uwydl5vdt7.jpg

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვია და ორმხრივი შეხვედრა გამართა მის ფრანგ კოლეგასთან. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ, ერთობლივი ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების განხილვაა.

"პირველ რიგში, მინდა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ბატონ მინისტრს მოწვევისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის საფრანგეთის მხარდაჭერა. ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ დავკარგოთ.

ჩვენი ინტეგრირება ევროპაში არის ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, ამას კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს. ვთანამშრომლობთ რა როგორც მიგრაციის, ასევე, ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, რაც დღეს საფრანგეთის მიმართულებით მნიშვნელოვანია. ბატონი მინისტრი ბრძანდებოდა საქართველოში, შეხვდა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს, დღევანდელ უკვე პრემიერ-მინისტრს, შეთანხმდნენ სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის, სწორედ მიგრაციის და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით. დამატებით იქნა მოვლენილი სამი ოფიცერი და ვფიქრობთ, კიდევ ოფიცრების დამატებას, რათა საფრანგეთში არ მოხდეს თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა.

ჩვენ მზად ვართ, საფრანგეთთან თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით მივაღწევთ იმას, რომ ეს ციფრები, რა თქმა უნდა, დაიკლებს და წამოვა ქვევით," - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. ასევე, კრისტოფ კასტანერმა პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა გიორგი გახარიას, რომელსაც მაისში, თბილისში შეხვდა, როდესაც მას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.


close დახურვა