კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.
"უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა, რასაც დღეს ოცნება აპირებს უკანონოა: საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს, 150-ივე დეპუტატის მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია, ასეთ დროს პარლამენტი ვალდებულია, სასამართლოს დაელოდოს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ასეთ ვითარებაში პარლამენტი მიიღებს იქნება უკანონო, არა მხოლოდ უფლებამოსილების ცნობა, არამედ კანონი, ბიუჯეტი, მთავრობის დამტკიცება", - წერს ვახუშტი მენაბდე.
დღეს, 12 საათზე პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. 9 საათიდან პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - აქციის მონაწილეები არალეგიტიმური პარლამენტის შეკრებას და თვითაღიარებული დეპუტატების საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აპროტესტებენ.