ვენესუელის მთავრობამ პროტესტის ნიშნად დიპლომატები ლათინური ამერიკის შვიდი ქვეყნიდან გაიწვია, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს გამარჯვება ეჭვქვეშ დააყენეს და ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვეს.
ამ პოზიციის გამო, ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არგენტინის, ჩილეს, კოსტა-რიკის, პერუს, პანამის, ურუგვაისა და დომინიკის რესპუბლიკის მთავრობები ინტერვენციონისტულ ქმედებებსა და განცხადებებში დაადანაშაულა.
ვენესუელას ეროვნული საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის, ელვის ამოროსოს თქმით, რომელიც მადუროს ახლო მოკავშირეცაა, ბიულეტენების 80%-ის დათვლის შემდეგ, ხმათა 51.2% მადურომ, ხოლო 44.02% მისმა მეტოქემ, ედმუნდო გონზალეზმა მოიპოვა.
მანამდე ეგზიტპოლის შედეგები გონსალესის დამაჯერებელ გამარჯვებას აჩვენებდა.
ოპოზიციის კანდიდატმა, ედმუნდო გონსალესმა და ოპოზიციური ერთიანი დემოკრატიული პლატფორმის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ, რომელსაც სასამართლომ პრეზიდენტად კენჭისყრის უფლება არ მისცა, ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საარჩევნო ოქმების 73%-ის ასლები აქვთ და ამ შედეგებით, ედმუნდო გონსალესს 6,27 მილიონი, ხოლო ნიკოლას მადუროს 2,75 მილიონი ხმა აქვს.
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს პროტესტი მოჰყვა. ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
პროტესტის ნიშნად ვენესუელის დედაქალაქ კარაკასისა და სხვა ქალაქების ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.
როგორც ცნობილია, კარაკასში დემონსტრანტები პროტესტს ჯერ ქვაბების და ტაფების ბრახუნით გამოხატავდნენ, მოგვიანებით კი, როცა პრეზიდენტის სასახლისკენ დაიძრნენ, ვითარება დაიძაბა.
ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილები, საბურავები და ნაგვის ურნები დაწვეს. პოლიციელებმა და სამხედროებმა, რომლებმაც პრეზიდენტის სასახლისკენ მიმავალი ქუჩები გადაკეტეს, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, დემონსტრანტებმა კი საპასუხოდ ქვები და აალებადი სითხის შემცველი ბოთლები დაუშინეს.
ოფიციალური მონაცემებით, ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდანაა.