ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ერთობლივი რეკომენდაციაა, საქართველომ გადახედოს საარჩევნო კოდექსის მუხლებს, პოლიტიკური გაერთიანებებს შესახებ კანონს და პარლამენტის რეგლამენტს.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული ცვლილებების შესახებ დასკვნები 2020 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოითხოვა. განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვენეციის კომისიის ბოლო პლენარულ სხდომაზე, 2021 წლის 19-20 მარტს მიიღეს.
დასკვნა უფასო საეთერო დროის საკითხს, პარტიების დაფინანსებას და საარჩევნო პროცესში უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას ეხება.
ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის ერთობლივ განცხადებაში განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო კოდექსში შემოთავაზებული ცვლილებები არღვევს პოლიტიკური პარტიების უფლებას თანაბარი შესაძლებლობების შესახებ, რაც გამოიხატება მათთვის უფასო საეთერო დროის შეჩერებაში იმ შემთხვევაში, თუ ვერ მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას.
ვენეციის კომისია და ეუთო/ოდირი მიიჩნევენ, რომ უფასო საეთერო დროზე უარის თქმა პარტიებისთვის არაპროპორციული და დაუსაბუთებელია, რადგან მასზე წვდომა სწორედ იმ პარტიებს სჭირდებათ, რომლებსაც ნაკლები ფინანსური შესაძლებლობები აქვთ, რათა ელექტორატს თავიანთი ხმა მიაწვდინონ და საარჩევნო პროგრამები წარუდგინონ.
დასკვნის მიხედვით, "არა მხოლოდ არ არსებობს ცხადი კავშირი უფასო საეთერო დროის გამოყოფასა და საბიუჯეტო დაფინანსებას შორის, რაც ამგვარ ნაბიჯს გაამართლებდა, არამედ ასეთი შეზღუდვა არ ემსახურება საჯარო ინტერესს, ამასთან, ის შეამცირებს ინფორმაციასთან წვდომას, რომელიც ემსახურება საჯარო ინტერესებს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი".
ვენეციის კომისია ასევე შეშფოთებულია პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დატოვებს პოლიტიკურ პარტიას ან საარჩევნო ბლოკს, რომელიც არ აითვისებს მიღებული საპარლამენტო მანდატების მინიმუმ ნახევარს, და მომდევნო 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებას პოლიტიკურ პარტიას და ბლოკს, რომელიც საპატიო მიზეზის გარეშე არ დაესწრება პლენარულ სხდომებს.
დასკვნის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების და არა ცალკეული დეპუტატების სანქცირება მათთვის დაფინანსების ჩამორთმევით, თუ დეპუტატები არ დაესწრებიან პლენარული სხდომების უმეტესობას, არის არაპროპორციული და ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს, რომელიც უკვე არეგულირებს ასეთ საკითხებს ცხადად და დაბალასებულად.
"მსგავსი ინიციატივები განიხილება შემოთავაზებულ კანონპროექტში პარლამენტის რეგლამენტის შესახებ, რომლის მიხედვითაც, დეპუტატები დარჩებიან შემოსავლის გარეშე, თუ ისინი არ დაესწრებიან სხდომების უმეტესობას საპატიო მიზეზის გარეშე. ეს ინიციატივა, სავარაუდოდ, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც, დეპუტატებისთვის ხელფასის გადახდა სავალდებულოა". - ნათქვამია დასკვნაში.
ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის საერთო მოსაზრების მიხედვით, უფრო პროპორციული და მისაღები გზა იქნება ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც მოიცავს ცალკეული დეპუტატებისთვის სანქციების დაკისრებას მათი ქმედებების შესაბამისად. ეს მეტად თავსებადი იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან.
"ასეთი ფართო სანქცირება პარტიებისა, რომლებიც არ მონაწილეობენ პარლამენტის მუშაობაში, არ მოიძებნება ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის არც ერთი წევრი ქვეყნის კანონმდებლობაში". - წერია განცხადებაში.
ვენეციის კომისია და ეუთო ოდირი მოუწოდებენ საქართველოს, გადახედონ საარჩევნო კანონმდებლობის 791-ე მუხლში შესატან ცვლილებას, რომელიც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში.
ერთობლივ მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ამ ცვლილების მიღებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს პოლიტიკური პლურალიზმის არასათანადოდ შეზღუდვა, რაც იწვევს შეშფოთებას მრავალი მიმართულებით.
"შემოთავაზებული ცვლილება ნათლად არ განმარტავს, რა კრიტერიუმებით უნდა განისაზღვროს, ვინ უნდა მოიაზრებოდეს საარჩევნო სიის თუ პარტიის პოლიტიკურ ლიდერად. ამასთან, ხმის მიცემის უფლება და არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესაძლოა იყოს კონკრეტული პირობებით განსაზღვრული, მათ შორის, ეხებოდეს ინდივიდის მოქალაქეობის ჩათვლით. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობა ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში უნდა იყოს შეზღუდული მათ მიერ პოლიტიკური პარტიების შექმნის კუთხით, მაგრამ არა მათი წევრობით.
მეტიც, პარტიული სიის გაუქმება იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე მოიაზრება პოლიტიკურ ლიდერად, არის არაპროპორციული ზომა, მისი სამიზნე არის პარტია და არა უცხო ქვეყნის მოქალაქე.
შემოთავაზებული კანონპროექტით რეგისტრაციიდან მოხსნის საჩივრები შემაშფოთებელია, ვინაიდან პარტიის ან საარჩევნო ბლოკის რეგისტრაციიდან მოხსნა შეიძლება მოხდეს არჩევნებიდან 2 დღის შემდეგ. გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნას მას შემდეგ, რაც პარტია ან ბლოკი მიიღებს ხმებს და დაკომპლექტდება, შესაძლოა, ამომრჩევლებმა კეთილსინდისიერად მისცენ ხმა პარტიას, ის კი რეგისტრაციიდან მოიხსნას.
საბოლოოდ, ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს სწამთ, რომ შემოთავაზებული ცვლილებები აღქმულ იქნას, მკაცრი გაგებით, ად ჰომინემ კანონმდებლობა, ანუ კანონმდებლობა მიმართული კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ - ეს არის ტექნიკა, რომელიც წარსულშიც იქნა გაკრიტიკებული ვენეციის კომისიის მიერ". - ნათქვამია ერთობლივ მოსაზრებაში.