logo
ENG



ვენეციის კომისია მკაცრად ურჩევს ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით

21 მაი 202420:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/21/8s8eosc9jqgvrgb.jpg

ვენეციის კომისია რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს. 

ვენეციის კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.

კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტი არ დაელოდა მათ დასკვნას და კანონს მესამე მოსმენით კენჭი უყარა, მიუხედავად საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოწოდებისა.  

კომისიის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ უკვე არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ავალდებულებს ორგანიზაციებს, გაამჟღავნონ დაფინანსების წყარო, შესაბამისად, აღნიშნულია, რომ არ არის მოცემული დამაჯერებელი ახსნა, თუ რატომ არ არის ეს საკმარისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

დასკვნაში ნათქვამია, რომ კანონს, რომელიც თითქოს გამჭვირვალობის უზრუნველყოფისკენ არის მიმართული, ობიექტურად მივყავართ სტიგმატიზაციის, გაჩუმების და საბოლოო ჯამში, ორგანიზაციებისა და მედიის განადგურებისკენ, რომლებიც იღებენ თუნდაც დაფინანსების მცირე ნაწილს უცხოეთიდან.

ამასთან, აღნიშნულია, რომ იქმნება სერიოზული რისკი იმისა, რომ დაზარალდება ის ორგანიზაციები და მედია, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებს. მათი "მოშორება" უარყოფითად აისახება ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.

დასკვნაში მითითებულია, რომ ბოლო წლებში ვენეციის კომისიამ შეაფასა "უცხოური აგენტების შესახებ" კანონმდებლობა, რომელიც ამოქმედებულია რუსეთის ფედერაციაში, უნგრეთსა და ყირგიზეთში, ასევე, რომლის ამოქმედებაც განიხილებოდა ბოსნია და ჰერცეგოვინაში. კომისია წერს, რომ საქართველოში ინიცირებული კანონი ამ ქვეყნების კანონმდებლობებთან "უამრავ მსგავსებას" შეიცავს. აქვე, აღნიშნავს, რომ კანონი არ ჰგავს აშშ-ში, ავსტრალიაში და ისრაელში არსებულ კანონებს. 

ვენეციის კომისია დასკვნაში ხაზს უსვამს, რომ კანონის მესამე მოსმენით მიღების დროს ხელისუფლებამ მასში შეიტანა დამატებითი, არსებითი ცვლილებები, რომელიც არ გაასაჯაროვა. 

"როგორც ჩანს, დამატებითი, არსებითი ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა კანონში მესამე მოსმენის დროს, დაუყოვნებლივ არ გახმაურდა. ვენეციის კომისია გამოხატავს ღრმა შეშფოთებას გამჭვირვალობის ასეთი არარსებობის გამო", - ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტმა ფართო და მწვავე კრიტიკა გამოიწვია როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში და აღნიშნულია, რომ პარლამენტში კანონის განხილვა და მიღება მასობრივი პროტესტის ფონზე მოხდა, ასევე, ნათქვამია, რომ მან კრიტიკა დაიმსახურა როგორც საქართველოს ოპოზიციური სპექტრისგან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებისგან.

დასკვნაში აღნიშნულია, რომ კანონის გარშემო საპარლამენტო დისკუსიებისთვის შეზღუდული დრო იყო გამოყოფილი და განხორციელდა დაჩქარებული საკანონმდებლო პროცედურა. ასევე, კომისია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, რომ კომიტეტისა და პლენარულ სხდომებზე ოპოზიციონერ დეპუტატებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს არასაკმაირი დრო დაეთმოთ და მათ ვერ შეძლეს აზრის თავისუფლად გამოხატვა.

ვენეციის კომისია დასკვნაში წუხს, რომ კანონი, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ადამიანის უფლებებზე და რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, "მიიღეს პროცედურით, რომელიც არ ტოვებდა სივრცეს ჭეშმარიტი დისკუსიისთვის და არსებითი კონსულტაციებისთვის, რაც იყო ღია უგულებელყოფა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის წუხილებისა".

 


close დახურვა