ვენის სასამართლომ ავსტრიის ყოფილი კანცლერი, სებასტიან კურცი ცრუ ჩვენების მიცემაში დამნაშავედ ცნო და რვა თვით პირობით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება 23 თებერვალს გამოიტანეს.
კურცის საქმე ბოლო 30 წლის განმავლობაშია პირველია, როდესაც ავსტრიის ყოფილი კანცლერი სასამართლოს წინაშე წარდგა.
საქმის ძირითადი ყურადღება ეთმობოდა იმას, იყო თუ არა 37 წლის კურცი ინფორმირებული ახლად შექმნილ სახელმწიფო ჰოლდინგურ კომპანია OBAG-ში ხელმძღვანელების დანიშვნის შესახებ თუ უშუალოდ კურირებდა მას. ფორმალურად დანიშვნაზე პასუხისმგებელი ფინანსთა მინისტრი იყო.
2020 წელს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მოსმენის დროს კურცმა თქვა, რომ ჩართული იყო "ინფორმირებულის გაგებით". სასამართლომ დაადგინა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და, რეალურად, კურცმა აქტიური როლი ითამაშა.
"მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილების ეს ნაწილი უსამართლოა. აპელაცია შევიტანეთ და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ მეორე ინსტანციაში ჩვენს სასარგებლო გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განაცხადა კურცმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ რაც წაყენებული სამი პუნქტიდან ის ერთში ცნეს დამნაშავედ.
პროკურორებმა სასამართლოში წარადგინეს მტკიცებულებები, მათ შორის მთავარი მოწმის, კურცის ყოფილი ერთგული მომხრის თომას შმიდტის, OBAG-ის პირველი ხელმძღვანელის ჩვენება.