logo
ENG



ვერ მოხდება ამ ბიუჯეტით ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა - ჭიაბერაშვილი

10 ივნ 202010:19
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველი პარტიის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს აკრიტიკებს - მათი განცხადებით, საფინანსო დოკუმენტი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ინტერესებსაა მორგებული.

როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, ეს ბიუჯეტი ქვეყანას პანდემიით გამოწვეულ კრიზისს ვერ დააძლევინებს.

„შეუძლებელია, რომ ასეთმა ბიუჯეტმა ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს. "ოცნების" არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო ამ კრიზისამდეც არასახარბიელო მდგომარეობა გვქონდა იმ უყაირათო ფლანგვით, რასაც აკეთებდა და ამ ცვლილებებში ვხედავთ იგივე მიდგომას. სამწუხაროდ, ვერ მოხდება ამით კრიზისიდან გამოყვანა", - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

პარტია „ტრიბუნას“ თავმჯდომარე კი ამბობს, რომ დააკვირდება, ბიუჯეტი რომელ საქმიანობებს წაახალისებს - მისი თქმით, პროგრამები და გამოყოფილი თანხები თანხვედრაში უნდა იყონ.

„დავაკვირდები, რა ეკონომიკური აქტივობები იქნება წახალისებული და არა ის, ვის დაურიგებენ ფულს. რამდენად შეესაბამება იმ პროგრამებს, რომლებიც გამოცხადებული იყო ხელისუფლების მხრიდან და არის თუ არა თანხვედრაში თანხებთან", - ამბობს დავით ჭიჭინაძე.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ბიუჯეტში შეტანილია ყველა ის კორექტირება, რომელიც მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვისთვისაა აუცილებელი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ბიუჯეტი სრულად ითვალისწინებს ყველა იმ პროგრამის განხორციელებას, რომელიც პანდემიასთან არის დაკავშირებული.

„შეცვლილი არის ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ხარჯვითი ნაწილი 15 მილიარდს აღწევს. ბიუჯეტში ჩადებულია ყველა პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსთან. მინუს 4% არის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა, ასევე დეფიციტი 8.5%. შემაჯამებელი განხილვა მომდევნო კვირაში იქნება, განხილვებს დავასრულებთ ივნისის ბოლოს სასესიო კვირაში", - ამბობს ირაკლი კოვზანაძე.

ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში დღეს განახლდება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც 2020 წლის ბიუჯეტი უნდა განიხილონ. მომხსენებელი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე იქნება. 


close დახურვა