საპატრიარქო არა, მაგრამ თავად პანდემია ხურავს ტაძრებს მრევლისთვის. თბილისში, ვერაზე მდებარე ეკლესიას, კიდევ ორი ტაძარი შეემატა - წყნეთიდან და ბოლნისიდან, სადაც დეზინფექცია ტარდება, კარანტინია და წირვა-ლოცვა მრევლის გარეშე ჩატარდება. ორი მღვდელი, ერთი სტიქაროსანი და საპატრიარქოს ორი თანამშრომელი - ასეთია საეკლესიო კლასტერის უახლესი სტატისტიკა, რომლის დრამატულ ზრდას ელოდებიან ეპიდემიოლოგები აღდგომის შემდეგ.
2 კვირით დაიხურა წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, შიდა ტერიტორიაზე შვიდი პირია დარჩენილი, რომელთაც ეკლესიის დატოვება ეკრძალებათ. ეს მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდგინდა მრევლს, რომელიც ამავე დროს საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია. კლინიკა კარანტინის რეჟიმზეა.
ბოლნისის სიონში სასულიერო პირს კოვიდ-19 დაუდასტურდა. ეს უკვე მეორე მღვდელია, რომელსაც ვირუსი დაუდგინდა. სასულიერო პირი მაღალი ტემპერატურით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები უკვე თვეზე მეტია კარანტინშია მოქცეული. შოთა რეხვიაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი ამბობს, რომ ღვთისმსახურებას სასულიერო პირი ბზობასა და ხარებას მრევლის გარეშე აღავლენდა. თვითიზოლაციაში არიან ბოლნისის სიონის სხვა სტიქაროსნები და მსახურებიც.
წყნეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი 2 კვირით მას შემდეგ დაიკეტა, რაც მრევლს, რომელიც საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია, კოვიდ 19 დაუდასტურდა. ქალი ხარების დღესასწაულზე ღვთისმსახურებას დაესწრო და ეკლესიის წინამძღვარს აღსარებაც ჩააბარა. ამის შემდეგ, 10 დღე გავიდა ეკლესიის წინამძღვარს ეპიდემიოლოგები გუშინ დაუკავშირდნენ და თვითიზოლაციაში გადასვლა მოსთხოვეს. ამ დროისთვის ეკლესიის 7 მსახური იზოლაციაში ეკლესიის ტერიტორიაზე არიან. მღვდელი ამბობს, რომ 2 კვირიან საკარანტინო პერიოდს ეკლესიის ტერიტორიაზე, კელიებში გაატარებენ.
დაინფიცირებული ქალი საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული საავადმყოფოს თანამშრომელია. კლინიკა კარანტინის რეჟიმზე მუშაობს. ვეფხვის ოდიშარია, საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ქალი შტატგარეშე თანამშრომელია და ბოლო 1 თვეა სამსახურში არ უვლია.
დაინფიცირებული ქალი წყნეთის დევნილთა დასახლებაში დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. მეზობლები ვარაუდობენ, რომ ის ეკლესიაში დაინფიცირდა, რადგან ბოლო პერიოდში აღარ მუშაობდა და ძირითადად ეკლესიაში მსახურებებზე დადიოდა. მეზობლების ინფორმაციით, ქალს 3 დღე ტემპერატურა ჰქონდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა.
2 მღვდელი, 1 სტიქაროსანი და საპატრიარქოს 2 თანამშრომელი ამ დროისთვის ასეთია ე.წ. ეკლესიის კლასტერში ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელიც ყოველდღიურად ფართოვდება. უკვე დაიკეტა რამდენიმე ეკლესია, იზოლაციაში არიან სტიქაროსნები და სასულიერო პირები.ინფიცირების წყარო თითქმის ყველა შემთხვევაში უცნობია.