logo
ENG



ვერეშჩუკი საქართველოსა და პოლონეთს: დაეხმარეთ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან დაღწევაში

30 სექ 202210:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/30/ki0tl9swgw9faa9.png

უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი საქართველოს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მოუწოდებს, დაეხმარონ ყირიმელ თათრებს მობილიზაციისგან თავის არიდებაში. 

ვერეშჩუკი Telegram-ზე წერს, რომ ყირიმში საოკუპაციო ძალებმა არალეგალური მობილიზაცია დაიწყეს და მიმდინარეობს ყირიმელი თათრებისა და ყირიმის სხვა ძირძველი მოსახლეობის მასობრივი მობილიზება, რათა მონაწილეობა მიიღონ ომში პუტინის მხარეს.

ვერეშჩუკი აღნიშნავს, რომ ყირიმელი თათრები ცდილობენ უკრაინის მეგობარ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, პოლონეთში და ბალტიის ქვეყნებში წასვლას, თუმცა ზოგ შემთხვევაში, მესაზღვრეები საზღვრის გადაკვეთაზე უარს ეუბნებიან.

"მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვის და საქართველოს მთავრობებს ამ პრობლემისადმი ყურადღების მიქცევის თხოვნით. ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ყირიმის ძირძველი ხალხების წარმომადგენლების გადასვლას უკრაინის ყირიმისა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან მესამე ქვეყნებში. ახლა ყირიმის მკვიდრი ხალხების მხარდაჭერა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე!", - აცხადებს ვერეშჩუკი. 


close დახურვა