logo
ENG



ვითხოვთ ბავშვებს გაუკეთდეს სპორტდარბაზი - ალუბლის ქუჩის მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს

28 თებ 202017:30
3 წუთის საკითხავი
 

ვაზისუბნის ალუბლის ქუჩის მოსახლეობა მათი საცხოვრებელი კორპუსების მოპირდაპირედ ახალი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივების განცხადებით, მშნებლობის უფლება, რომელიც კომპანიამ 2019 წელს მოიპოვა ფინანსური გარიგებების ხარჯზე უკანონოა. მათივე თქმით, ამ ტერიტორიაზე წლებია საბავშო მოედნის მოწყობას ითხოვდნენ, თუმცა მერია ეუბნებოდა, რომ ზონა რეკრეაციული იყო. მშენებელი შპს. NID-ის წარმომადგენელი რომელსაც ღობის შემოვლების სამუშაოები არასაკმარისი დოკუმენტაციის ფლობის გამო მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დროებით შეუჩერა ირწმუნება, რომ მათ მიერ მოპოვებული უფლება კანონიერია და დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მშენებლობა მაინც გაგრძელდება.

ცნობილია, რომ სამშენებლო კომპანია ორი კორპუსის 6 და 10 სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს. ალუბლის ქუჩის მოსახლეობა კი საპროტესტო აქციებს აანონსებს.

"10 წელზე მეტია ვითხოვთ ბავშვებს გაუკეთდეს სპორტ დარბაზი, მაგრამ თურმე უნდა მქონოდა ნახევარი მილიონი რომ ეს ადგილი შემესყიდა",-აცხადებს ადგილობრივი.

მერიის ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით კი ამ დროისთვის მშენებლობა შეჩერებულია, რადგან კომპანიას სრულყოფილი დოკუმენტაცია არ წარუდგენია.

თავად სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი კი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მშენებლობა კანონიერია.

"გვთხოვეს დამატებით წარმოვადგინოთ გარკვეული გეოლოგიური დასკვნები, როცა მერია გასცემს ნებართვას, ავტომატურად მოიაზრება, რომ ეს ნებართვა გაქვს. როცა მე შევიძინე ეს ზონა, მაშინ ის რეკრეაციულ ზონად არ მოიაზრებოდა, ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება",-განმარტავს ნინო ღოღობერიძე.

 

 


close დახურვა